მსოფლიო დღეს

ტუსკი: ლუკაშენკოს ბელარუს-უკრაინის გაერთიანება და ორი ქვეყნის პრეზიდენტობა სურდა

ევროკავშირის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ლუკაშენკომ პირადად დაურეკა მას და ბელარუსისა და უკრაინის გაერთიანების იდეა გააცნო.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს 2014 წელს ჰქონდა განზრახვა, გაეერთიანებინა ბელარუსი და უკრაინა ერთ კავშირში და ორივე ქვეყნის პრეზიდენტი გამხდარიყო, განუცხადა პორტალ Onet-ს ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა დონალდ ტუსკმა.

შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი
„უკრაინის კრიზისის ყველაზე ცხელ დღეებში, როდესაც მინსკი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებდა ევროკავშირს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ლუკაშენკომ დამირეკა და პირდაპირ შემომთავაზა – დამერწმუნებინა ევროკავშირი, რომ მას შეეძლო გამხდარიყო უკრაინის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირების გარანტი, და მხარი დაეჭირათ მისი იდეისთვის ბელარუსი–უკრაინის კავშირის შექმნის თაობაზე, რის შემდეგაც ორივე სახელმწიფოს პრეზიდენტი თავად გახდებოდა“, — განაცხადა ტუსკმა ინტერვიუში.

მისი თქმით, ლუკაშენკო მას მიანიშნებდა, რომ ეს „რუსეთის აგრესიული ზრახვების შეჩერების ერთადერთი გზა“ იყო.

ტუსკის ვარაუდით, რეალურად ლუკაშენკო მოქმედებდა არა უკრაინის ინტერესებში, არამედ იმის შიშით, რომ ხელისუფლებას დაკარგავდა. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ ლუკაშენკომ „დადებითი როლი შეასრულა“ უკრაინული კრიზისის დარეგულირებაში.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ოფიციალურად არასდროს გაუხმოვანებია გეგმები უკრაინასთან გაერთიანების შესახებ.