თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

დახვეწილი ნივთების მოყვარულები ქალაქში უკვე იცნობენ ვერაზე არსებულ ბუტიკს, რომლის დიასახლისი ქალბატონი ლეილა მეფარიძეა.
Sputnik

სალონში, გარდა იმისა, რომ ხელით შექმნილი მისი ნამუშევრები იყიდება, დროდადრო საინტერესო შეხვედრებიც იმართება. ქალბატონი ლეილა ერთდროულად ბევრი მიმართულებით მუშაობს: ხატავს, ქარგავს, ქსოვს, კერავს, მუშაობს დეკუპაჟზე, თექაზე, ბატიკაზე, ტყავზე, მეტალზე, ქვებზე, აძველებს და აახლებს ავეჯს, შექმნილი აქვს საცეკვაო ფორმები. განსაკუთრებულ სიამოვნებას რესტავრაცია ანიჭებს.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- ქალბატონო ლეილა, კონსერვატორია ექსპერიმენტული საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით დაამთავრეთ, ეს ოჯახური ტრადიციის გავლენა იყო თუ დამოუკიდებელი არჩევანი?

- ეს რომ ოჯახის გავლენა იყო, მაშინ გავაცნობიერე, როცა მივხვდი, რომ მუსიკაზე სიარული სულაც არ ნიშნავდა მასწავლებლის „დაკრულზე სიმღერას“. შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტი დავამთავრე. თუმცა ჩემი ცხოვრებისა და სულის ნაწილი ყოველთვის იყო სიმღერა, ბალეტი და ხატვა. ბავშვობაში ვხატავდი, თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს და სხვადასხვა სუვენირს ვაკეთებდი.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- სალონის გახსნის იდეა როდის გაჩნდა?

- ეს იდეა წლების წინ გაჩნდა. საერთოდ, სალონის გახსნა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. როდესაც გამოჩნდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგასა და პარტნიორთან მარიკა ფირცხალავასთან ერთად შევიძინე პატარა ფართი, სადაც საკუთარი ნამუშევრები გამოვფინეთ. მინდა გითხრათ, რომ საოცარი სამყარო მოვაწყვეთ. აქ მარტო ხელოვნების ნიმუშები არ იყიდება, ესაა ადგილი, სადაც მეგობრებს შეუძლიათ მოვიდნენ ჩაიზე, ყავაზე და ერთმანეთს პიანინოსა და გიტარის თანხლებით ლამაზი საღამო აჩუქონ.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- ვიცი, ბევრი რამ გეხერხებათ და თქვენი ნაწარმის შეძენის მსურველები უცხოეთშიც არიან...

- მე ვხატავ, ვქარგავ, ვქსოვ, ვკერავ, ვძერწავ, ვმუშაობ დეკუპაჟზე, თექაზე, ბატიკაზე, ტყავზე, მეტალზე, ქვებზე, ავეჯს ვაძველებ და ვაახლებ და ა.შ. სალონში სხვადასხვა მოდელებს დამოუკიდებლად ვქმნი. ჩემი კოლეგა მინანქარზე მუშაობს და ქსოვს. ძირითადი დამკვეთები, პირველ რიგში, არიან მეგობრები და ისინი, ვისაც მოსწონს ჩემი შემოქმედება. თუმცა ამ ნივთების შეძენის მსურველები უცხოეთშიც მყავს. ძალიან ბევრ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. პერსონალური გამოფენა ორჯერ მქონდა.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- ვიცი, რომ ცეკვის ანსამბლები ფორმებს გიკვეთავენ, მათგან რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- დავიწყებ იმით, რომ ცეკვის ანსამბლი „ჯორჯია" მთლიანად ჩემი შემოსილია. ახალი ესკიზები შევქმენი ცეკვებისთვის „სამაია“, „ოსური“, „ქართული“, „აჭარული“, „მხედრული“ და თავადვე შევკერე. რაჭული ცეკვის 22 კაბა ორ დღე-ღამეში შევკერე. სხვათა შორის, ასეთი ფორმები, ყაბალახები და ჩოხები არავის აცვია.  

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- ძველ ნივთებს მეორე სიცოცხლეს აძლევთ, რომელ შეკვეთაზე მუშაობამ მოგანიჭათ შემოქმედებითი სიამოვნება?

- რესტავრაცია სიამოვნებას მანიჭებს. რესტავრირებას ვუკეთებ თითქმის ყველაფერს – ძველ კარადებს, მაგიდებს, სკამებს, ტანსაცმლის საკიდებს, სკამებს, სხვადასხვა აქსესუარებს. დუქანში „ძველი როიალი", რომელიც ახალ აღმაშენებელზეა, ყველაფერი საკუთარი დიზაინით შევქმენი. მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხელოვანისთვის შემოქმედებით თავისუფლებას, იმ ადგილის მფლობელებმა მომცეს უფლება, რომ ყველა სახის სამუშაო საკუთარი გემოვნებით შემესრულებინა, ამიტომ ამისთვის მათ მადლობას ვუხდი.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- თქვენს სალონში ხშირად იკრიბებიან გემოვნებიანი თბილისელები, როგორია დღევანდელი ქალაქის მცხოვრებთა საერთო სტილი?

- ცნობილია, რომ მაღალი მოდა პარიზში წარმოიშვა, მაგრამ შეიძლება ისეთ ფენომენზეც ვისაუბროთ, როგორიცაა თბილისური მოდა. ეს უკანასკნელი ყოველთვის იყო რადიკალურად განსხვავებული, დარბაისელი ხალხისთვის დამახასიათებელი დახვეწილი და არისტოკრატული სტილით გამორჩეული. დღევანდელი თბილისელების სტილი და გემოვნებაც დახვეწილი, ინდივიდუალური და მაღალი დონისაა. ამიტომ ტანსაცმლის მოდელებს სპეციალურად მათთვის ვქმნი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნამუშევრების ფერსაც, ჩემს სამყაროში ძირითადად მწვანე ფერი ჭარბობს.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- სხვადასხვა დროს ამ სალონის სტუმრები ცნობილი სახეები იყვნენ...

- ჯერ გეტყვით, რომ საოცარი სამეზობლო გვყავს, მათ შორის ბევრია აკადემიკოსი და მეცნიერი. სალონის სტუმრები იყვნენ თინათინ მღვდლიაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ლიკა ყაზბეგი, ნანა ავალიშვილი, სალომე კორკოტაძე და სხვები. ეკა მამალაძე ჩვენს სალონში შემთხვევით მოხვდა და სიამოვნებით შეყოვნდა, ერთად ვიმღერეთ კიდეც.

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- ფანტაზიას რომ მოუხმოთ, ძველი თბილისელებიდან ვის დაუნიშნავდით „პაემანს ვერაზე“?

- ძველ დროში თუ დავბრუნდები, თბილისელებიდან პაემანს დავუნიშნავდი იოსებ გრიშაშვილს, ლადო ასათიანს, გოგლას და გალაქტიონს, ზაქარია ფალიაშვილს, აკაკი ვასაძეს, ინოლას, იშხნელებს და ყარაჩოხელებსაც... იმ დროის ქალაქის და ქალაქელების საოცარი ნოსტალგია მაქვს. მათი ქცევის მანერები, ცხოვრების წესი, ეტიკეტისადმი დამოკიდებულება, ტრადიციები, მორალი, ურთიერთპატივისცემა დღევანდელ თბილისს ძალიან აკლია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, „თბილისი მაინც არის ურთიერთობა“...

თბილისური შეხვედრები ვერაზე, ხელით შექმნილი სამყარო და ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები

- მანერები ახსენეთ, ვიცი, რომ საკუთარ თავს ეტიკეტზე დამოკიდებულ ადამიანს უწოდებთ...

- მიხარია და მეამაყება ეტიკეტდამოკიდებული ადამიანები და ქედს ვიხრი მათ წინაშე. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა საზოგადოებაში ქცევის კოდექსს ბავშვები იცავენ. თავმოყვარეობაც ეტიკეტია. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, რომელსაც თავისი მორალური კოდექსი ჰქონდა და ამასთან ლამაზი სიგიჟეებიც ეხერხებოდა...