ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე კიბერშეტევა განხორციელდა

დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს მიმართავს.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ 1 სექტემბერს კიბერშეტევა განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფრთხილად! კორონავირუსის პანდემიის ფონზე კიბერთაღლითობის რისკი იზრდება

უწყების ცნობით, კიბერშეტევის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

„კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს მიმართავს.

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.