თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ახლა ყველამ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ბათუმში გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა -38 შემთხვევა. აქედან 22 ბათუმში გამოვლინდა. ბოლოს მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა -34 შემთხვევა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1548-ს შეადგენს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მესტიის მუნიციპალიტეტსა და სოფელ ლენჯერში შეზღუდვების სრულად მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელი ეპიდაფეთქების გამკლავება და მისი ეფექტურად მართვა შევძელით. ამიტომაც დღეიდან აქ ყველანაირი შეზღუდვები უქმდება - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე კარავს დადგამენ, სადაც თითოეულ მოქალაქეს PCR-ტესტის ჩატარების საშუალება ექნება.
კიდევ ერთი კარვის დადგმის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ბათუმში საკონდიტრო მაღაზია „დონას" კონსულტანტს კორონავირუსი დაუდასტურდა