გახარია: ერთჯერადი დახმარების მისაღებად 857 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული

ერთჯერად ფულად დახმარებას, რომლის გაცემაც უკვე დაიწყო, მიიღებენ ის ბავშვებიც, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბრამდე არიან დაბადებული.
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. 18 წლამდე ბავშვებისთვის ერთჯერადი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე 857 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული,  განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.

საბანკო დავალიანების მქონე პირებს 200-ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

გახარიას თქმით, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს დაევალათ ერთი კვირის მანძილზე მოქალაქეების ანგარიშებზე თანხის სრულად გადარიცხვა.

„მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა პირველ დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბავშვებისთვის დახმარების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების მისაღებად აუცილებელია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge დარეგისტრირება.

თუ მშობელი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მან უნდა მიმართოს: სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმმართველობებს; იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის" ფილიალებს.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ დარეგისტრირდება და განაცხადს არ შეიტანს, ეს ნიშნავს, რომ ის კომპენსაციის მიღებაზე უარს ამბობს.

რეგისტრაციის გავლის შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge.