რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ და რა ადგილებშია ცხოველის ნაკბენი განსაკუთრებით საშიში

მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად ცოფისგან ათასობით ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ცდილობს, რომ 2030 წლისთვის ცოფისგან ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებელი განულდეს.
Sputnik

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ზოგიერთ ქვეყანაში უკვე მიღწეულია. მაგალითად, გერმანიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ცოფის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ცოფის დაავადება ადამიანისთვის ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი და სხვადასხვა უძველეს წიგნშია აღწერილი. მისი გამომწვევი მიზეზი ნეიროტროპული ვირუსია, რომელიც რიბონუკლეინის მჟავას შეიცავს, რასაც მცენარესა და ცხოველზე ზემოქმედება და მათი დაავადება შეუძლია.

საშიშია თუ არა წითელი ხალი და როგორ მოვიქცეთ, თუ სხეულზე შევნიშნეთ

რა არის ცოფი

ცოფი ადამიანისა და ძუძუმწოვარ ცხოველთა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება ახასიათებს. დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების 100% ლეტალურად მთავრდება.

ცოფის გადაცემის გზები

ცოფი ადამიანს ავადმყოფი ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით  გადაეცემა. ზოგჯერ ინფექციის გადაცემის ფაქტორი შეიძლება გახდეს იფიცირებული  ცხოველის ნერწყვის ადამიანის თვალის ლორწოვან გარსში, ცხვირში ან პირში მოხვედრა.

გაახალგაზრდავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება: როდისაა საჭირო ბიორევიტალიზაცია

რა სიმპტომები აქვს ცოფს

თავდაპირველად  გამოიხატება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა. შესაძლებელია ადამიანი იყოს გაღიზიანებული, აღგზნებული, ჰქონდეს უცნაური ქცევა, დაეწყოს ჰალუცინაციები, უძილობა. შესაძლოა ნაკბენის მიდამო შეწითლდეს, აღნიშნულ ადგილას კი პაციენტი უჩიოდეს წვას, ტკივილს. ამ სიმპტომებს თანდათან ერთვის ჰაერისა და წყლის შიში. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი, ასევე სასუნთქი კუნთების სპაზმი და გამოჰყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში კი პაციენტი იღუპება.

სპეციალისტების ინფორმაციით, განსაკუთრებით საშიშია დაკბენა თავის, სახის, კისრის, მტევნის, თითების, გენიტალურ მიდამოში. სახეზე კბენის შემდეგ დაავადება ვითარდება 90%-ში, ხელის მტევანზე-63%-ში, ხოლო კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე კბენისას მხოლოდ 23%-ში. ყველაზე ნაკლებ პროცენტში ცოფით დასნებოვნებას ადგილი აქვს ტერფის დაზიანების დროს.

რა იწვევს შეკრულობას და როგორ ვებრძოლოთ მას ბუნებრივი მეთოდებით

როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადება

ცოფის მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, შესაბამისად ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სწორად და დროულად ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციით. ცხოველის მიერ  დაკბენის, დადორბვლის, ან დაკაწვრის შემთხვევაში, უპირველესად უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის ჩამობანა საპნიანი წყლით. ეს პროცესი უნდა იყოს ინტენსიური და 10 წუთს გრძელდებოდეს. შემდეგ დაზიანებული ადგილი უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას. თუ ჭრილობა სისხლმდენია მაშინვე არ შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ჭრილობიდან ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება.

აცრის შემდეგ აუცილებლად უნდა წარმოებდეს ცხოველზე დაკვირვება, რა თქმა უნდა  თუ ეს შესაძლებელია.

როგორ მოვუაროთ ზაფხულში კანს: ბუნებრივი კოსმეტიკის სასარგებლო თვისებები

რა სიმპტომებს ავლენს ცოფიანი ცხოველი

ცოფით დაავადებულ ცხოველს აქვს გარკვეული ნიშნები, რომელიც  ეწყება დაკბენიდან 12–20 დღეში. ამ დროს ცხოველი გაურბის ხალხს, ყმუის, არის უხალისოდ, ხდება აგრესიული, არ ჭამს, არ სვამს წყალს, შეიძლება გადაყლაპოს უჩვეულო ნივთები, მაგალითად ხის, ლითონის ნაჭერი, ჩვრები და ა.შ. 1–2 დღის შემდეგ ეწყება პირიდან  დიდი რაოდენობით ნერწყვდენა, დადის ბარბაცით, გარბის სახლიდან და ხშირად იკარგება, ამის შემდეგ ეწყება დამბლა, მე–7 ან მე–8 დღეს კი კვდება.

ორგანიზმში ვაქცინა აცრიდან რამდენი ხანია აქტიური

ვაქცინა ორგანიზმში შეყვანიდან ორ კვირაში იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და ერთი წელი რჩება. თუ პაციენტს ამ ერთი წლის მანძილზე კიდევ უკბენს ცხოველი, მან ხელახლა უნდა მიმართოს რაბიოლოგს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ დროს ცოფის საწინააღმდეგო აცრა განმეორებით ტარდება.

იოდდეფიციტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები: როგორი კვებაა საჭირო ამ დროს

რა გვერდითი ეფექტი აქვს აცრას

შესაძლოა აცრებიდან ერთი კვირის განმავლობაში ადგილობრივად გამოიხატოს შეწითლება, ქავილი, კვინკეს შეშუპება, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, იშვიათ შემთხვევაში კი ანაფილაქსიური რეაქცია. ყველა ამ შესაძლო გართულების შესამცირებლად ინიშნება სათანადო რეჟიმი და დიეტა, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვას პაციენტმა.

რა ეკრძალება პაციენტს

აცრიდან 10 დღის განმავლობაში პაციენტს ეკრძალება ისეთი საკვების მიღება, რომელიც ალერგიულია, მაგალითად მჟავე, ცხარე კერძები, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, ღორისა და ცხვრის ხორცი. ეკრძალება გადაღლა,  მზეზე დიდხანს ყოფნა და ექვსი თვით ალკოჰოლის მიღება. აცრის შემდეგ  ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!