საქართველოში ტელეარხები და ინტერნეტი ბავშვებისთვის გაცილებით უსაფრთხო ხდება

საქართველოში სატელევიზიო გადაცემები ასაკობრივ ცენზს გაივლის, გაკონტროლდება ასევე ეთერში გასვლის დრო.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. დღეიდან ბავშვები ინტერნეტში საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცული იქნებიან, ისინი შემოწმებულ და მათი ასაკის შესაბამის ვებ-გვერდებზე შესვლას შეძლებენ, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

18+: ქართულ ტელეარხებზე ასაკობრივი შეზღუდვები დაწესდება

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, ისინი ბავშვებისა და მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით მშობლებს საფრთხეების შემცირების ეფექტურ მექანიზმს სთავაზობენ. მარეგულირებელი კომისიის ცნობით, 1 სექტემბრიდან მშობლებს შეუძლიათ მიმართონ ინტერნეტ-პროვაიდერებს, რათა შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის. ახალი წესების თანახმად, ის ვებ-გვერდები, რომლებზეც განთავსებულია ფილმები, მულტფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან კონტენტს გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის.

გარდა ამისა, გაჩნდება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ-გვერდების სპეციალური რეიტინგი. კომისია მას საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს. აღნიშნული სია ინტერნეტ-პროვაიდერი კომპანიების მიერ განახლდება კვირაში ერთხელ.

ამასთან, კომისია ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტში უსაფრთხოდ ნავიგაციისთვის საკუთარი ინიციატივით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელებს ინტერნეტ-ვებგვერდების მონიტორინგს იმისთვის, რათა დამატებითი ფილტრი შექმნას და გააკონტროლოს – რამდენად ჯეროვნად ასრულებენ კომპანიები საკუთარ ვალდებულებებს.

ასაკობრივი შეზღუდვა ტელეპროგრამებზე

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოში 1 სექტემბრიდან ტელეპროგრამებს შესაბამისი ასაკობრივი შეზღუდვების შესახებ შესაბამისი ნიშანდებებით უჩვენებენ.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა: მარტივი რეკომენდაციები ფსიქოლოგებისგან

შესწორებების თანახმად, ყველა პროგრამა ქართულ ტელევიზიაში ასაკობრივ ცენზს გაივლის, ყველაზე მკაცრს – 7 წლამდე ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაში პროგრამა არ უნდა შეიცავდეს არანორმატიულ ლექსიკას, მულტფილმები და ფილმები – სცენებს ან სიუჟეტებს, რომლებსაც ბავშვის ფსიქიკაზე ძლიერი ნეგატიური ემოციური გავლენის მოხდენა შეუძლია.

არ შეიძლება ასევე ასეთ პროგრამებში სქესობრივი აქტის, სექსუალურ კონტექსტში სიშიშვლის, ნარკოტიკთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის, უხამსი ქმედების, ძალადობრივი ქმედების დემონსტრირება, რომელიც შეიძლება გაიმეოროს არასრულწლოვანმა, თვითმკვლელობისა და მისი მეთოდების პროპაგანდა.

აიკრძალება სცენები, რომლებშიც დემონსტრირებულია ძალადობა საყოფაცხოვრებო საგნების გამოყენებით, სცენები აზარტული თამაშებით, ოკულტიზმთან დაკავშირებული მასალები, ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და თამბაქოს ნაწარმის პროპაგანდა. ასეთი პროგრამების ჩვენება აკრძალული იქნება დილის 6-დან საღამოს 21 საათამდე.

დილის 6-დან 24 საათამდე აიკრძალება სქესობრივი აქტის, სექსუალური ძალადობის, ოკულტიზმის, უხამსი ან საშიში ქმედებების შემცველი სცენების ჩვენება, რომელთა გამეორებაც შეუძლია არასრულწლოვანს; ალკოჰოლის, თამბაქოს ნაწარმისა და ნარკოტიკების, აზარტული თამაშების, კრიმინალური სამყაროს ან დანაშაულის პროპაგანდა, ასევე ძალადობის სცენები ახლო ხედით ან საყოფაცხოვრებო იარაღით. ასეთ პროგრამებზე გავრცელდება 18+ ასაკობრივი ცენზი.

„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

კანონმდებლებმა მოიფიქრეს ასევე შუალედური ასაკობრივი ცენზი, რომელიც პროგრამების 12 წლამდე ბავშვებისა და 15 წლამდე მოზარდებისთვის ჩვენებას უშვებს. 12 წლამდე ბავშვებისთვის პროგრამების გაშვების დრო ემთხვევა შვიდ წლამდე ბავშვებისთვის მიმდინარე პროგრამებს. ხოლო 15 წლამდე ცენზის მქონე პროგრამების ჩვენება აკრძალული იქნება 23 საათამდე.

თუ ასეთი პროგრამების ჩვენება განპირობებული იქნება აუცილებლობით, ტელეარხი ვალდებული იქნება მიუთითოს, რომ აღნიშნული პროგრამა არაა რეკომენდებული არასრულწლოვანისთვის. ამ ნორმების დარღვევის შემთხვევაში ტელეარხს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საქმის გარჩევა და ჯარიმა ემუქრება.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებ-გვერდები 1 ათასი ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ტელევიზიები პირველ ჯერზე 2,5 ათასი ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.