ქობულეთის მერიაში ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

„სტატისტიკის შენობაში“ შესახლებულების განცხადებით, ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და სანამ გარანტიებს არ მიიღებენ, აქციებს არ შეწყვეტენ.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთის მერიის შენობაში ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ქობულეთის რამდენიმე მცხოვრები საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. ეს ფართები მათ რვა წლის წინ თვითნებურად დაიკავეს. საუბარია 12 ოჯახზე, რომლებიც სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაში ცხოვრობენ. ახლახან შენობა აუქციონზე გაიყიდა და ეს ოჯახები უსახლკაროდ რჩებიან.

24 წლის მამაკაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა თბილისში

ქალი, რომელმაც თავის დაწვა სცადა, „სტატისტიკის შენობაში“ შესახლებული ერთ-ერთი პირია. ის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა გადაყვანილი. მერიაში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები, ასევე მედიკოსების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მათ უკანონოდ არავინ გამოასახლებს, ინვესტორთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრებლებმა უნდა შეადგინონ სპეციალური სია, სადაც ყველა ოჯახის მონაცემები და ბინის ფართობი იქნება მითითებული. 

„დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეული ოჯახიდან ელოდა ზუსტ მონაცემებს იმისას, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართს ფლობენ ისინი. ამის მიხედვით, პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესი საცხოვრისთან დაკავშირებით. ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში და ეს გადაწყვეტილება ძალიან მყარია. აქციები და შეკრებები კი გარკვეულწილად პოლიტიკურადაა მართული“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.

ყოფილი „სტატისტიკის შენობაში“ შესახლებულების განცხადებით, ისინი დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მათი თქმით, სანამ ოფიციალურ დოკუმენტს და გარანტიებს არ მიიღებენ, აქციებს არ შეწყვეტენ.