მსოფლიო დღეს

„შეცდომა იყო“: მონტენეგროს ოპოზიციის ლიდერმა ანტირუსული სანქციები შეაფასა

ოპოზიციური კოალიციის ლიდერის თქმით, რუსეთი „მონტენეგროსთან უკეთეს ურთიერთობებს იმსახურებს ისტორიული კავშირებისა და ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო“.
Sputnik

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მონტენეგროს მიერ რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების მხარდაჭერა შეცდომა იყო, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუს დროს ოპოზიციური კოალიციის „მონტენეგროს მომავლისთვის“ ლიდერმა ზდრავკო კრივოკაპიჩმა. 

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და გლობალურ დონეზე, როგორც არ უნდა გვინდოდეს, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ცნობილია, ვინ თიბავს და ვის მოაქვს წყალი (სერბული ანდაზა - რედ.), ამიტომ დაუშვებელია ის, რომ ასეთი პატარა სახელმწიფო გახდეს პირველი, ვინც რუსეთის ფედერაციას სანქციებს დაუწესებს“, — განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა სააგენტოს.

მისივე თქმით, სანქციებმა ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენ ღვინო Plantaze გავიტანეთ ექსპორტზე, ტურისტებად კი დომინირებდნენ სტუმრები სერბეთიდან, ბოსნია–ჰერცეგოვინიდან და რუსეთიდან“, — აღნიშნა კრივოკაპიჩმა.

მოსაზრება: აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ

მისი თქმით, COVID-19-ის გამო მონტენეგროს საზღვრების დახურვა თვეების განმავლობაში რუსეთის, სერბეთისა და ბოსნია–ჰერცეგოვინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დამსვენებელთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ხელისუფლების მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.

უდიდესი ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი „მონტენეგროსთან უკეთეს ურთიერთობებს იმსახურებს ისტორიული კავშირებისა და ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გამო“.

არჩევნები მონტენეგროში 30 აგვისტოს ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, ოპოზიციას უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პარტიას (DPS).