საქართველოში ზედმეტად გაცემულ პენსიასა და სოციალურ შემწეობაზე ამნისტია ცხადდება

კანონი პარლამენტში სამი მოსმენით მიღებისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. დაახლოებით 3,5 ათასი სოციალურად დაუცველ ოჯახსა და 1,5 ათას პენსიონერს, რომელთაც დადგენილზე მეტი თანხა დაერიცხათ, თანხის უკან დაბრუნება არ მოუწევთ, განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ. 

პენსია ახალი განრიგით გაიცემა – რას ემსახურება მთავრობის გადაწყვეტილება

მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში შევიდა და ორშაბათს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

„ეს შეეხება დაახლოებით 3,5 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს და 1,5 ათასამდე პენსიონერს. არის შემთხვევები, როდესაც სოციალურად დაუცველი იცვლის საცხოვრებელ მისამართს, ან იცვლება მისი დემოგრაფიული მდგომარეობა, ან პენსიონერს უწყდება პენსიის მიღების ვალდებულება, მაგრამ ის ამაზე შესაბამის განაცხადს არ აკეთებს. პრაქტიკულად უკანონოდ იღებს თანხებს. მათ ამ თანხების დაბრუნება არ მოუწევთ“, – განაცხადა ხუნდაძემ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება პანდემიისა და მისგან გამომდინარე კრიზისის ფონზე იქნა მიღებული. წინასწარი მონაცემებით, ამნისტია შეეხება 2020 წლის 20 ივლისამდე მიღებული თანხებს.

კანონი პარლამენტში სამი მოსმენით მიღებისა და „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.