ჰერპესვირუსების არაერთი ჯგუფი არსებობს, თუმცა ყველაზე ცნობილი მარტივი ე.წ. ტუჩის ჰერპესის ვირუსია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰერპესის ვირუსით მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტია ინფიცირებული. ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილზე: პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, გენიტალურ (სასქესო) ორგანოზე, თვალის გარშემო და სხვ.
გადამდებია თუ არა ჰერპესი
ჰერპესის ვირუსით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ჰერპესის გადადება ნერწყვის მეშვეობით ხდება. ამ დროს ადამიანს აღენიშნება ტკივილი ყლაპვის დროს, ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მადის და ენერგიის დაქვეითება. ინფიცირების შემდგომ ვირუსი რჩება ორგანიზმში და შესაძლებელია გამოიწვიოს ჰერპესისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ნებისმიერ დროს.
რამდენ ხანში ერთხელ შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი
შესაძლოა ადამიანი იყოს ვირუსმატარებელი, მაგრამ საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაუმწვავდეს ვირუსი. თუმცა არის შემთხვევა, რომ ადამიანს თვეში ხუთჯერ გამოუვლინდეს გამონაყარი. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია.
რა სიმპტომებით გამოიხატება ჰერპესი ჩვილებში
ჩვილებში უმეტესად ვითარდება მწვავე ჰერპესული სტომატიტი. ამ დროს ჩვილის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწყება მაღალი ტემპერატურა, შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილიც. ამ დროს პირის ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელთა ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ღრძილებზე, ლოყების ლორწოვან გარსზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე. პირის ღრუში ბუშტუკები მარტივად სკდება და მტკივნეული ეროზიები წარმოიქმნება.
როგორ ხდება დიაგნოსტირება
დიაგნოზი ისმება ციტოლოგიური გამოკვლევის, მოლეკულური დიაგნოსტიკის და იმუნოფერმენტული ტესტების (G,M და A კლასის იმუნოგლობულინები განისაზღვრება შრატში) მეშვეობით.
როგორ ვუმკურნალოთ ჰერპესს
აღსანიშნავია, რომ ვირუსის ბოლომდე გაქრობა არ ხდება. ჰერპესის დროს ადამიანები ხშირად თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც უმეტეს შემთხვევაში არ არის ეფექტური და არ იძლევა შედეგს. სპეციალისტები ჰერპესს ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, რომლებიც გამონაყარის ჩაცხრობას აჩქარებენ და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს. ამიტომ ჰერპესის არსებობის შემთხვევაში სასურველია მიმართოთ ექიმს. ჰერპესის მკურნალობა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და მკურნალობა ინიშნება სადიაგნოსტიკო გამოკვლევის შემდეგ, დაავადების სირთულიდან გამომდინარე.
თუმცა ზოგჯერ პირველი ტიპის მარტივი ფორმის ჰერპესის დროს ადგილობრივი თერაპიაც საკმარისია. ამასთან არსებობს რამდენიმე ხალხური, ნაცადი მეთოდი, რომელიც ჰერპესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
· ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშყუალებაა წყალბადის ზეჯანგი. თუ უკვე გაქვთ ტუჩებზე პატარა ბუშტუკები, უმჯობესია წყალბადის ზეჟანგით დაიმუშაოთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ, საღამოს თქვენი სახე უკვე სუფთა იქნება. პროცედურა ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ეფექტური.
· ჰერპესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ პროპოლისის ნაყენი. წარმოქმნილ ბუშტუკებს თუ დაიმუშავებთ პროპოლისის ნაყენით, რომელიც სპირტზეა დამზადებული, კარგად აშრობს კანს და ხელს უშლის ანთების განვითარებას და სხვა ადგილებში გავრცელებას, ასევე დეზინფიცირებას ახდენს და აჩქარებს შეხორცების პროცესს.
· ძალიან მარტივი საშუალებაა ყინული. ის შესანიშნავად დაგეხმარებათ ჰერპესის პირველი სიმპტომების დროს. როგორც კი შეამჩნევთ ქავილს და შეშუპებას, მაშინვე მიიდეთ ყინულის ნაჭერი, ის შეანელებს დაავადების პროგრესირებას და დაეხმარება ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში.
· დასრისეთ ერთი კბილი ნიორი და დაიდეთ მტკივან ადგილზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.
· დაასველეთ ბამბა რძეში და დაიფინეთ ჰერპესიან ტუჩზე. არ დაიბანოთ, სანამ რძე თავად არ გაშრება. გაიმეორეთ პროცესი ყოველ 2-3 საათში ერთხელ.
· ჰერპესის გამონაყარს შესანისნავად კურნავს ალოეს წვენი. წაისვით დაზიანებულ ადგილზე ყოველ ორ სათში ერთხელ, ან დაიდეთ შუაზე გაჭრილი ალოეს ნაჭერი.
· მტკივან ადგილზე დაიდეთ მენთოლიანი კბილის პასტა. შედეგი მალევე გახდება შესამჩნევი.
როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადების განმეორებითი გამოვლინება
უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან რომ აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, ამისთვის არსებობს ჰერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს პირველ რიგში ჰერპესის გამონაყარის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.