გადარჩებიან მხოლოდ ძლიერები - საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

საქართველოს პრეზიდენტმა ყველას „მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისკენ“ მოუწოდა, თუმცა ქვეყანაში ცოტას თუ სჯერა, რომ ეს შესაძლებელია
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ოფიციალურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია - ორ თვეში, 31 ოქტომბერს, ამომრჩევლები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევენ.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ COVID-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა, რომელმაც ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების თარიღი.

თუმცა წინა რამდენიმე კვირამ აჩვენა, რომ უახლოესი ორი თვე მშვიდი არ იქნება. სკანდალს სკანდალი მოსდევს. ოპოზიციამ გამარჯვების შემთხვევაში გეგმები უკვე დააწყო, მმართველ პარტიაში კი მტკიცედ სწამთ, რომ კვლავ „ოცნება“ გაიმარჯვებს.

ფართო არჩევანი

პარტიების საბოლოო სია, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სექტემბრის პირველ რიცხვებში გაირკვევა. თუმცა უკვე ცხადია, რომ 150 ადგილზე პარლამენტში პრეტენზიას 1%-იანი ბარიერით შთაგონებული რეკორდულად ბევრი პარტია აცხადებს.

ამ მომენტისთვის საქართველოს ცესკომ დაასრულა მხოლოდ იმ პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ იყვნენ - სიაში მოხვდა 59, უარი უთხრეს ცხრას. საპარლამენტო პარტიებისთვის, რომელთაც წარმომადგენლები მოქმედ პარლამენტში ჰყავთ, განაცხადების შეტანის ვადა ამ კვირას დასრულდება, 57 დღით ადრე არჩევნებამდე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვის თარიღი გამოცხადდა

საბოლოო სიას კი ცესკო კენჭისყრამდე ერთი თვით ადრე გამოაცხადებს.

თუმცა პრეტენდენტების სია უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია რაოდენობითაც და შინაარსითაც. მასში არიან პარტიები პენსიონერებისა და ახალგაზრდებისთვის, ნაციონალისტებისთვის, ემიგრანტებისთვის, მონარქისტებისთვის, დემოკრატებისთვის, ლიბერალებისთვის, კონსერვატორებისთვის, ლეიბორისტებისა და სოციალისტებისთვის.

ესენი არიან: ყველა არჩევნების უცვლელი მონაწილე „ძველი ლეიბორისტი“ შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ტექსტური შეტყობინებების მოყვარული გიორგი ვაშაძე, კონსერვატორი ზვიად ძიძიგური, ეპატაჟური ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ბანკირი მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტი ალეკო ელისაშვილი. ამჯერად არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა რადიკალიზმით ცნობილმა ულტრანაციონალისტების „ქართულმა მარშმა“ სანდრო ბრეგაძის თაოსნობით.

ოპოზიცია თავისი ხმების დასაცავად ემზადება >>

და, რასაკვირველია, ლიდერთა შორის არიან: უცვლელი „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ქვეყნის ყველაზე კარგად დაფინანსებული პარტიების ხუთეულში მოხვდა ასევე ოპოზიციონერ ბანკირთა მოძრაობა „ლელო“.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც გამოაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის და როგორ. ყოფილმა მმართველმა პარტიამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი განაცხადა, რომ სააკაშვილს მომავალი პრემიერის თანამდებობაზე განიხილავს.

ლიდერები და აუთსაიდერები

საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნება“ პარტიების რეიტინგში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა პრინციპულ კითხვად რჩევა, მოიპოვებს თუ არა იგი ხმათა უმრავლესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის შექმნა და „ოცნება“ შესაძლოა ყველას წინააღმდეგ მარტო დარჩეს.

ოპოზიციური ტელეარხების მიერ შეკვეთილი გამოკითხვები „ოცნებას“ ხმათა 30%-დან 35%-მდე მიაკუთვნებენ, პროსახელისუფლებო კი - 50%-ს. სწორედ ამ სხვაობას ექნება პრინციპული მნიშვნელობა არჩევნების დასრულების შემდეგ.

პარტიაEdisson Research-ის გამოკითხვაIRI-ის გამოკითხვაSurvation-ის გამოკითხვა
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 39%33%52%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა16%16%19%
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის5%5%8%
პატრიოტთა ალიანსი3%3%5%
გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი3%3%4%
ლელო საქართველოსთვის3%2%5%

წინასწარ შეთანხმდნენ

26 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და არჩევნების წინ კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ხელმომწერთა შორის არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „რესპუბლიკური პარტია“, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“.

მემორანდუმის ტექსტში ოპოზიციური პარტიები საუბრობენ „ოლიგარქიულ რეჟიმზე“ და ხაზს უსვამენ ოპოზიციის კოორდინირებული საქმიანობის აუცილებლობაზე იმ პირობებში, როდესაც „ადმინისტრაციული რესურსები ივანიშვილის ხელშია მობილიზებული“.

საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა >>

ამ დროისთვის ცნობილია, რომ შეიქმნება ერთიანი შტაბი ხმების დასაცავად „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის, პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, ოპოზიცია გეგმავს არჩევნებზე დარღვევების საერთო საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნას.

ჩარტერები არჩევნებისთვის

ვიდრე ოპოზიცია ამომრჩევლებს ხელისუფლების მხრიდან არჩევნების დაგეგმილი გაყალბებით აშინებს, მთავრობა კენჭისყრაზე, კორონავირუსის მიუხედავად, მაქსიმალურად ბევრ დამკვირვებელს იწვევს.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება

„არჩევნები მაღალი სტანდარტებით უნდა ჩავატაროთ და ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, - აღნიშნა პრემიერმა გახარიამ. საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ დახურულია პანდემიის გამო, მაგრამ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზადაა ჩარტერული რეისების დასანიშნად, რათა დამკვირვებლებმა ქვეყანაში ჩამოსვლა შეძლონ.

„ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, გაამკაცროს სასჯელი ამომრჩეველთა იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო. პროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. ის ითვალისწინებს სასჯელს ჯარიმით დაწყებული, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დასრულებული.

ოპოზიციამ საპასუხოდ ხელისუფლების მზაკვრული გეგმების ვერსია წამოაყენა. პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა სერგო კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამგვარად მმართველი პარტია ცდილობს დამკვირვებლების თვალში „თეთრი და ფუმფულა“ გამოჩნდეს.