ცოტა თუ ბევრი? ანუ საბანკო სექტორის ერთი თვე ციფრებში

კომერციული ბანკების ფინანსური პარამეტრები პანდემიის პირობებში. მთლიანი აქტივები, საკრედიტო პორტფელი გაიზარდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საფინანსო ბაზარს ტოვებენ, სავალუტო ჯიხურების რაოდენობა მცირდება. შეიცვალა საბავშვო დეპოზიტის განკარგვის წესიც... რატომ?
Sputnik

სამსონ ხონელი

მარიამობისთვე გაილია. ეს ზაფხულიც ჩაბარდა წარსულს. ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია! რა იქნება შემდეგ?.. აქ დავსვამ მრავალწერტილს, პოლიტიკაზე ამჯერად საუბარი არ მინდა. ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. მერწმუნეთ, სხვა მიზეზიც არის. ჯერ ერთი, ბოლო ოთხწლედის მთავარ პოლიტიკურ ბატალიამდე დრო არის და, დარწმუნებული ვარ, ბევრის თქმას მოვასწრებ. მეორე და, ვეჭვობ, მთავარიც ის გახლავთ, რომ ჩვენში ერსა თუ ბერს დიდი ხანია სხვა მნიშვნელოვანი საფიქრალიც აქვს. რომელი ერთი? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. საპასუხოდ ვიტყვი: მათ შორის ფინანსები. ბრძანებთ, ფინანსებს სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს? რეპლიკას გავიზიარებ, თუმცა ერთს დავძენ, რომ მეტწილად პირიქით ხდება, ფინანსები − პოლიტიკას. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წინამდებარე სტატიაში ყურადღებას საბანკო სისტემის ფინანსურ პარამეტრებზე გავამახვილებ. დამაჯერებლობისთვის ეროვნული ბანკისა და „საქსტატის“ მონაცემებს მოვიშველიებ.

როგორია სტატისტიკა?.. ანუ ქართული ეკონომიკა ციფრებში...

მონოლოგს სიახლის გაზიარებით დავიწყებ. კერძოდ, საბავშვო ანაბარს ამიერიდან სასამართლო გააკონტროლებს. როგორ, ეს რას ნიშნავს? - ჩამეძიება მკითხველი და, დარწმუნებული ვარ, მეტი კონკრეტიკისკენ მომიწოდებს. რა გაეწყობა, განვმარტავ. მშობელს არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხისა და არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზე ექნება. შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში უკვე შევიდა და სექტემბრის პირველივე დღიდან ამოქმედდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლში ვკითხულობთ: „ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“. ამავე კოდექსის 186-ე მუხლში კი შავით თეთრზე წერია: „ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე“.

აი რაია?... ანუ რა და როგორ ითვლება IRI−ის დაკვეთით?..

რა მიზანს ემსახურება ცვლილება? როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აცხადებენ, მიზანი ერთია – არასრულწლოვანთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უკეთესად დაცვა! ეს კი, პირველ რიგში, მათ ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვას გულისხმობს. მშობლებს არ უნდა შეეძლოთ არასრულწლოვანი შვილების ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსის მარტივად, თავიანთი შეხედულებებისამებრ განკარგვა, რაც, კანონმდებელთა შეფასებით, არცთუ იშვიათად მოზარდი შვილების ქონების განიავებით მთავრდება ხოლმე. მიზანი კარგია, ვერაფერს იტყვი. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანია, მშობლებმა სასამართლოს თანხმობის გარეშე ვეღარ განკარგონ ის ფინანსები და ქონება, რომელიც არასრულწლოვნის საკუთრება მათივე კეთილი ნებით გახდა? თუმცა, ხომ შეიძლება მოზარდს თანხა თუ უძრავ-მოძრავი ქონება საჩუქრად არა მშობელმა, არამედ სხვა პირმა გადასცეს? − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა შორს წაგვიყვანს. ფაქტია, რომ კანონმდებლებმა გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და მისი აღსრულება სავალდებულოა. კიდევ ერთი საკითხია სავარაუდო შედეგი. ექსპერტთა შეფასებით, ცვლილება ქმნის დამატებით სამართლებრივ, ბიუროკრატიულ ბარიერს, რაც მშობლებს არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხისა და მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების განკარგვის უფლებას შეუზღუდავს.

რას ითხოვენ კომერციული ბანკები, ანუ დაირღვა თუ არა პირობა?

ექსპერტი დავით კიკვიძე: „ეს ზედმეტად ბიუროკრატიული კანონია, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს, რომ მშობლის მიერ ანაბარზე განთავსებული თანხა კიდევ უფრო დიდხანს შეინახონ. ეს ბანკებზე მორგებული გადაწყვეტილებაა და არა საზოგადოებაზე ან მომხმარებელზე. მშობელს რეალურად უნდა ჰქონდეს უფლება შვილის ქონება და საკუთრება განკარგოს და საამისოდ ის დამატებით სასამართლო გადაწყვეტილებას არ უნდა საჭიროებდეს. ეს კიდევ ერთი ზედმეტი ბიუროკრატიული დანამატია კანონმდებლობაში, რომელიც ბანკების წისქვილზე ასხამს წყალს. ფულის ბანკიდან გატანა უფრო მეტ შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული, და თუ მშობელს სასწრაფოდ დასჭირდება თანხა, მის გამოყენებას სასამართლოს ჩარევის გარეშე ვერ შეძლებს, რაც პრობლემას უქმნის მათ. შესაძლოა ბევრმა მათგანმა ამ სახის ანაბრის გახსნისგან თავი შეიკავოს".

ერთი სიტყვით, ვეჭვობ ეს ის შემთხვევაა, როცა მოსალოდნელი შედეგი მიზანს ემთხვევა. რაც შეეხება პატივცემული ექსპერტის ვარაუდს საბავშვო ანაბრების გახსნის შესაძლო შემცირების თაობაზე, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი მოგახსენებთ, ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ზოგადად საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის აგვისტოსთვის 30.54 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1.77 მილიარდი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41 პროცენტით მეტია. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 1.11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და აგვისტოს თვისთვის 39.42 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 6.68 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. მათ შორის ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე 8.71 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.54 პროცენტი იყო. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 84.53 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.11 პროცენტი შეადგინა.

ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!..ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!

მკითხველს შევახსენებ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეს საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკით შეხვდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამავე პერიოდისთვის კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მილიარდი ლარით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობა ჩვენში შემცირდა – თუ გასული წლის აგვისტოს თვის დასაწყისის მონაცემით კომერციული ბანკების 802 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში რაოდენობა 780 იყო. ფილიალების რაოდენობა კი 25 ერთეულით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოსთვის 137 ფილიალი ფუნქციონირებდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში − 162 ფილიალი.

რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

მარიამობისთვეს კომერციული ბანკები გაზრდილი საკრედიტო პორტფელითაც შეხვდნენ. წინა ერთ თვეში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 694.04 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72 პროცენტით გაიზარდა და აგვისტოსთვის 34.49 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის ლარში სესხების მოცულობა 232.94 მილიონი ლარით, 1.61 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 461.10 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.05 პროცენტით გაიზარდა.

რაზე მიანიშნებს ეს ციფრები? ექსპერტ-ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში საბანკო სისტემამ შეინარჩუნა მდგრადობა, ეკონომიკურ შოკს წარმატებით გაართვა თავი და, ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადი პარამეტრები სისტემის ლიკვიდურობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

პატივცემულ მკითხველს მოეხსენება, ჩვენში საფინანსო ბაზარზე კომერციულ ბანკებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ოპერირებენ. 2018 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, როცა კობა გვენეტაძის უწყებამ საფინანსო-საკრედიტო სექტორს გამკაცრებული რეგულაციების სახით საკრედიტო პოლიტიკის ახალი ჩარჩო დაუდგინა, რანდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ეს პროცესი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა და გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის აგვისტომდე რეგისტრაცია კიდევ 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა. მათი რაოდენობა 42 ერთეულამდე შემცირდა.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

და, ბოლოს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აგვისტოდან − აგვისტომდე საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც შემცირდა. კლება საგრძნობია – 88 ერთეული. მათი რაოდენობა 837-ს გაუტოლდა. ექსპერტების შეფასებით, ახალ რეალობაში ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო წელს სავალუტო ჯიხურები ორი თვითა და ათი დღით დაიკეტა. იყო მხოლოდ ხარჯი, შემოსავალი კი არა. ამას დაემატა პანდემიით გამოწვეული სხვა ობიექტური ფაქტორებიც. ექსპერტების ამგვარ შეფასებას ეთანხმება ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე. მისი განმარტებით, აღნიშნულის მიზეზებია პანდემია, საერთაშორისო ვიზიტორების არარსებობა და, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა

დღეისათვის სულ ეს არის. წამზომი წელიწადის ახალ დროს ითვლის. გამონაკლისი არ ვიქნები და ვიტყვი, რომ ცხელი შემოდგომა გველოდება. იმედია, მიმიხვდებით, პირდაპირი მნიშვნელობით ცელსიუსით ტემპერატურას არ ვგულისხმობ. ვნახოთ როგორ გაუძლებს ჩვენი საბანკო სექტორი პოლიტიკური დუღილის ტემპერატურას...