აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების წყაროებს შეამოწმებს

„ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით პროკურატურას პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ განიხილა პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით და შემდგომი განხილვისთვის ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა, აღნიშნულია პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროკურატურაში შეიტანეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ უცხო ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტის შემოწმების მოთხოვნით, ვინაიდან კანონით საქართველოში პარტიამ არ შეიძლება ფული სხვა სახელმწიფოსგან მიიღოს და მისი დაფინანსების ყველა წყარო ღია უნდა იყოს.

„ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება“ - „პატრიოტთა ალიანსი“ სკანდალის ცენტრშია

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების ირგვლივ სკანდალი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე აგორდა. პორტალ „დოსიეს“ მტკიცებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსს“ დაუჭერს მხარს და მას პოლიტტექნოლოგსა და 8,4 მლნ დოლარსაც კი გამოუყოფს.

ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა სხვა პარტიებმა შემოწმება მოითხოვეს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალი წელია ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების წინადადებით გამოდის. 2017 წლის ზაფხულიდან ამ პარტიის დეპუტატები პერიოდულად საკუთარი ინიციატივით მოსკოვს სახელმწიფო დუმის წევრებთან და რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორებთან შესახვედრად სტუმრობენ.