კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

დღევანდელ პრაგმატულ ეპოქაში, სადაც ყველა და ყველაფერი ტექნიკურ პროგრესს ექვედებარება, თითქოს გულწრფელი გრძნობებისა და სენტიმენტებისთვის ადგილი აღარ დარჩა.
Sputnik

ბატონი გოჩა სახვაძე უკვე 34 წელია, რაც თბილისის 176-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, შეიძლება ითქვას, საყვარელი მასწავლებელიც. ამაში ისიც არ უშლის ხელს, რომ ინტერნეტთან ურთიერთობას პრინციპულად არ აპირებს...

იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურა და თავისუფალი აზროვნება შეაყვაროს ბავშვებს, სკოლაში გახსნა ლიტერატურული სალონი, რომელიც წლებია ბავშვებს საოცარ შეხვედრებს უწყობს. სალონს უკვე სტუმრობდა ბევრი ქართველი მწერალი და პოეტი, რომელთან შეხვედრაც მოსწავლეებს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

„ჩვენი სალონი, რამდენი სასიამოვნო წუთი გაგვიტარებია მაგ ოთახში მოსწავლეებს, გოჩა მასწ. თქვენი წყალობით“-ხათუნა გოშაძე.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

„ამ სალონთან გვაკავშირებს ჩვენი ბავშვობის ტკბილი და უდარდელი წლები, გოჩა მასს..“-ელზა ბერაძე.

„დღეს ნოსტალგიური დღეა, ჩემი ბავშვობის წლები და ამ ოთახში გატარებული დრო.“- ანა კაპანაძე.

დარწმუნებული ვართ, რომ ასე ფიქრობს მისი ყველა მოსწავლე. ისიც გავიგეთ, რომ პანდემიის დღეებში „გოჩა მასწი“ თურმე ფეხით გადიოდა საკმაოდ დიდ მანძილს, რომ მოსწავლეებისთვის საჭირო ლიტერატურა ადგილზე მიეტანა... დანარჩენს საუბრიდან შეიტყობთ.

- ბატონო გოჩა, ჩემი აზით, იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ... სკოლაში მუშაობის პირველი დღე თუ გახსოვთ?

- სკოლაში1986 წლიდან ვმუშაობ. დღეს, ამ წლების გადასახედიდან ცხოვრებას რომ ვუკვირდები, მართლა მგონია, რომ ჩემი საქმე ვიპოვე. სკოლიდან რომ გამიშვა, ალბათ სამი წელიც ვერ ვიცოცხლებ... პირველი გაკვეთილი დღემდე მახსოვს: მეცხრე პირველში მქონდა. ისე ვკანკალებდი, რომ ტუჩებს თავი ვერ მოვუყარე. საბოლოოდ ნორმალურად ჩატარდა. მას შემდეგ, დამიჯერებთ?-რვა წელი, ქარსა თუ წვიმაში, სიცხესა თუ სიცივეში, შემოდგომასა თუ ზამთარში, სკოლის ჭიშკართან, ყოველ დილით ველოდი ჩემს სადამრიგებლო კლასს, გულში ვიკრავდი თითოეულ ბავშვს და მერე ერთად ავდიოდით საკლასო ოთახში...

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

-  ისე, თუ გიფიქრიათ, მასწავლებელი რომ არა, ვინ გახდებოდით?

- მე მსახიობობა მინდოდა. სხვათაშორის წყალტუბოს თეატრში სამი სპექტაკლი მაქვს ნათამაშევი. მახსოვს, კულტურის განყოფილების გამგემ  მითხრა: ლიმიტს გაძლევ, წადი, თბილისში თეატრალურზე ჩააბარე, თუ არადა, ისევ დაგვიბრუნდი, მიგიღებთო. დედის რჩევა იყო, რომ  ინჟინერ-მშენებელი გამოვსულიყავი, ჩემი და კი-მასწავლებელი, დღეს ჩემი ძმა საგზაო ინჟინერია, მე-მასწავლებელი. სასწაულია ცხოვრება... მასწავლებლობაზე არც  მაშინ მიფიქრია როდესაც ჩემმა ძვირფასმა ლექტორმა, ლეო კვაჭაძემ გამიშვა სკოლაში, დისერტაციისთვის თუნდაც 6 საათი მაინც გჭირდებაო. ჰოდა, იმ დღის მერე რამდენი ექვსი საათი გავიდა, ვინ მოთვლის?..

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

- იმისთვის, რომ ლიტერატურა შეაყვაროთ ბავშვებს ლიტერატურული სალონი გახსენით...

- ბავშვებთან პირველ რიგში, პოეზიის და ზოგადად მწერლობის სიყვარულით სავსე მივედი. მალე სკოლის ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი გავხდი. პირველივე წელს ძალიან შემოქმედი ახალგაზრდობა დამხვდა სკოლაში. ისინი ხშირად დამყავდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, მწერალთა სახლში, პოეზიის საღამოებზე... ერთ დღესაც მაშინდელმა „პუშკინელებმა“ ბავშვებს სიურპრიზი მოუწყევს და ჩვენი ლექსების კრებული დაბეჭდეს. იცით, რა თვალები ჰქონდათ?- არასოდეს დამავიწყდება. სულ მთხოვდნენ და მეც ვურჩევდი ხოლმე მათ სხვადასხვა მწერლის წიგნებს და ისინიც კითხულობდნენ.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

- დღემდე არ სარგებლობთ ინტერნეტით და ამის გამო გაჯეტების თაობასთან ხომ არ გჭირთ ურთიერთობა?

-თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერიც არ მიჭირს, მაგ ინტერნეტის გამო დღეს ბავშვებს წიგნი ვერ შეაყვარეს...

- წიგნების წაკითხვა ინტერნეტშიც შეიძლება...

- ინტერეტში წაკითხული წიგნის არაფერი მწამს, რა აუცილებელია თვალები დაითხაროს?! თანაც, ერთ წუთში იმდენი სისულელე  ამოუვარდებათ და ყურადღებას მაინც სხვა რამეზე გადაიტანენ. ახლა ჩემს შვილიშვილებსაც ვაყვარებ წიგნს. ბიჭს, რომელიც ჯერ პატარაა, უკვე 14 წიგნი აქვს წაკითხული, გოგოს ჯერჯერობით ერთნახევარი წავაკითხე. რაც შეეხება, ინტერნეტს, როცა კომპიუტერი მჭირდება, ხან რძალი მეხმარება, ხან შვილი. 

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „სკოლაში ქართული ენის გრამატიკას დავაბრუნებდი“

- თქვენი ნება რომ იყოს, რას ამოიღებდით პროგრამიდან და რას შეიტანდით მასში?

- იცით, რომ ქართული ენის გრამატიკა სკოლებში აღარ ისწავლება? არადა, როგორი საჭიროა! აი, მას დავაბრუნებდი. რაც შეეხება, ლიტერატურას, თუ სადმე პატრიოტული თემა იყო (მაგალითად „ელგუჯა“, „აჩრდილი“ და ბევრი სხვა) ყველაფერი ამოიღეს, ჰოდა, მათ დავაბრუნებდი აუცილებლად.

- მასწავლებელი, რომელიც ლექსებს წერს, ზედმეტად სენტიმენტალური ხომ არ არის მათთვის?

- პოეტურობის გამო არა, ზოგადად სენტიმენტალური და მეოცნებე ადამიანი ვარ. სხვათა შორის ჩემს ლექსებს და ნოველებს მოსწავლეებს არასოდეს ვუკითხავ, არც კოლეგებს, თუ რომელიმეს ციტირება დამჭირდა, ავტორს არ ვასახელებ. ჩემი ლექსებიდან ყველა ჩემია და იმდენად ძვირფასი, რომ მათგან ვერც ერთ გამოვარჩევ. თუმცა ამჯერად ერთს გაგაცნობთ, ეს ლექსი ჩემს ქალიშვილს, ეკას მივუძღვენი.

ჭრელ-ჭრელი გაზაფხული

შემოდგომა ხვავრიელი,

ტრფობის ბანგით დაბანგული

ქალი-მრავალჟამიერი.

შემოსული ზეცის სხივით

და მუხთალი, როგორც წერო.

მოალერსე ზეფირივით

ქალი, მართლაც ბედისწერა.

თრთოლა ლერწმის, თოში ყინვის

მოღუღუნე, როგორც მტრედი.

ვნება შეყვარებულ ირმის,

სილბო თუთიყუშის მკერდის.

სიხარული მირიადი

მონატრება ძველი ჰანგის.

მზერა ფურის, სიდიადე

ამპარტავან ფარშევანგის.

შემოდგომა ხვავრიელი

ფიროსმანის დახატული

ქალი -მრავალჯამიერი,

ქალი-ჭრელი გაზაფხული...

- ბავშვებთან ურთიერთობამ რა გასწავლათ?

- მათთან ურთიერთობამ ცხოვრება მასწავლა... იცით, რა თბილი, ტკბილი და სუფთაა ბავშვი? მახსოვს, ერთხელ მითხრეს: მასწ, ადრე ბოლომდე გენდობოდით, ყოველთვის ფერად სათვალეებს გვარგებდით და  სინამდვილეში ეგრე არ ყოფილაო. იმ დღიდან მოყოლებული სულ ვცდილობ, რომ სიკეთესთან ერთად ცუდიც, ბოროტიც დავანახო, რომ გარჩევა შეძლონ და არ გაუჭირდეთ... თუმცა ბოლომდე მაინც არ მინდა, რომ ასე იფიქრონ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხშირად მხოლოდ თვალებს ვენდობით და სულ ტყუილად... ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი, ასე რომ, წინ, ახალყოილნო!..