არდადეგები მთავრდება: საქართველოს პარლამენტი მუშაობას პირველ სექტემბერს განაახლებს

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირაში განაახლებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლოს ორგანოს საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს, პირველ სექტემბერს გაიხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის რეგულაციები მკაცრდება

საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება, თუმცა მანამდე, 31 აგვისტოს ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება. მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების ფორმატში ამ დრომდე არ მოუსმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშებიც, რომლებიც უწყებებმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინეს.

რადგანაც საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის წარმართვას ვადების დაცვით გეგმავს. კერძოდ,  პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება. საპარლამენტო კომიტეტები კი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში წარმართავენ.