თუ ზედმეტი თანხა ჩაგერიცხათ: საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს

შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“  და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონებში შევა.
Sputnik

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. 2020 წლის 20 ივლისამდე საქართველოს მოქალაქეებზე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია, პენსია, საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ჩაითვლება და დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“  და „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონებში შევა.

უსაფრთხო ექსკურსიები: სკოლის მოსწავლეების გადაყვანის წესები გაცილებით მკაცრი გახდება

თუმცა, უკვე დაკავებული თანხები, ასევე პენსიის, საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის თუ კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან.

კანონპროექტების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე არიან.

მათი განმარტებით, გასაცემლის (კომპენსაციის, პენსიის, საარსებო შემწეობისა და სოციალური პაკეტის) მიმღები პირი ვალდებულია, სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ 15 დღის ვადაში, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც გასაცემლის შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება არ ხდება, შესაბამისად, თანხის გაცემის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების ან მარჩენალდაკარული ოჯახების (კომპენსაციის შემთხვევაში) მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს, მათ უწევთ თანხების უკან დაბრუნება, სასამართლო პროცესები და ა.შ. რაც კიდევ უფრო მწვავე პრობლემაა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის რეგულაციები მკაცრდება

კანონპროექტების მიღების შემთხვევაში, შეღავათი შეეხება 178 კომპენსაციის მიმღებ პირს, 1 594 პენსიონერს,  3 478 სოციალურად დაუცველ ოჯახს.

ამჟამად, მიმდინარეობს 50 ადმინისტრაციული, 1758 სასამართლო და 134 სააღსრულებლო წარმოება, რაც ცვლილებების მიღების შემთხვევაში შეწყვეტას დაექვემდებარება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლოს ორგანოს საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს, პირველ სექტემბერს გაიხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევამდე გაგრძელდება.