პენსია ახალი განრიგით გაიცემა – რას ემსახურება მთავრობის გადაწყვეტილება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიების განრიგით გაცემა საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან რიგები არ იყოს.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პენსიის გაცემა ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პლუს 30: რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას>>

გახარიას განცხადებით, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი და ამას ბანკი უზრუნველყოფს.

პრემიერი: მიუხედავად ყველაფრისა, პენსიები მაინც გაიზრდება

„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და, შესაბამისად, გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პანდემიის დროს ბანკებთან არ იყოს რიგები და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს, არამედ 1-დან 14 რიცხვამდე მიიღოს პენსია.

პენსიები საქართველოში ყოველწლიურად გაიზრდება: მთავრობის ინიციატივა პარლამენტშია>>

პენსიის ოდენობა საქართველოში ამჟამად 220 ლარს შეადგენს. 1 ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზარდათ და მან 250 ლარს მიაღწია. ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60 წელია, მამაკაცებისთვის – 65 წელი. საქართველოში სულ 770,3 ათასი პენსიონერია.