თბილისი-ბათუმის მატარებელს ვაგონები დაემატება

მატარებელში კვლავ არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე, მათი მოხსნა მთელი მგზავრობის განმავლობაში აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 28, 29 და 30 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მატარებელს ვაგონებს დაამატებს, ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

ვაგონები დაემატება მატარებელს, რომელიც თბილისიდან 10:30 საათზე გადის და ბათუმში 15:30 საათზე იქნება.

მატარებელში მხოლოდ პირბადით: საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა - ფოტო

„დაამატებენ სამ ვაგონს დილის რეისზე თბილისიდან, რომელიც 10:30 საათზე გადის. ამგვარად, რეისზე 300-ზე მეტი დამატებითი ადგილი იქნება“, - განუცხადეს Sputnik-საქართველოს საქართველოს რკინიგზაში.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღიურად გადის Stadler-ის სამი მატარებელი - ორი დილით და ერთი საღამოს.

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ახსენებს მგზავრებს, რომ COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ახალი წესების შესაბამისად მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, ხოლო საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა დროებით დაკეტილია. მატარებელში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადეების გარეშე, მათი მოხსნა მთელი მგზავრობის განმავლობაში აკრძალულია.