თბილისში ავტობუსის სატრანზიტო დერეფნები ამუშავდება

თბილისში სულ 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის ლოკალური უბანი იქნება, რომლებიც ძირითადად მიკროავტობუსებს მოემსახურება
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში თბილისში ათი სატრანზიტო დერეფანი გაჩნდება, განაცხადა მერის მოადგილემ მაია ბითაძემ თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, აღნიშნული დერეფნები თბილისის ძირითად ქუჩებზე მოეწყობა.

კერძოდ, პირველი დერეფანი მოიცავს შემდეგ ქუჩებს: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;

თბილისში წლის ბოლოსთვის „ყვითელი ავტობუსები" აღარ იმოძრავებენ

მეორე დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;

მესამე დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი;

მეოთხე დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;

მეხუთე დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;

მეექვსე დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;

მეშვიდე დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;

თბილისში ავტობუსის სატრანზიტო დერეფნები ამუშავდება

მერვე დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;

მეცხრე დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;

მეათე დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.

ბითაძის თქმით, მთავარია, ძირითად ქუჩებზე, რომლებზეც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება, 10-15 წუთში ერთხელ, 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იარონ და ერთდროულად, 150 მგზავრი გადაიყვანონ.

175 ახალი ავტობუსი: რომელ ქალაქებში გამოჩნდება ახალი ტრანსპორტი

ძირითად სატრანზიტო დერეფნებზე ძირითადად, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. 44 მარშრუტზე, სადაც მოქალაქეებს გადასხდომა მოუწევთ, 8, 10 12-მეტრიანი ავტობუსები და  სამარშუტო ტაქსები იმოძრავებენ.

„იქნება 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის მკვებავი ლოკალური მონაკვეთები, რომლებიც მეტწილად მიკროავტობუსებს მოემსახურება. ეს არის ის დათვლები, რომლებიც გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შევიმუშავეთ ის გეგმა, რომელმაც ქალაქში გადაადგილება უნდა გააუმჯობესოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტი შეძლებს ერთდროულად 84 ათასი მგზავრის გადაყვანას, ხოლო სატრანზიტო დერეფნის შემთხვევაში მოძრაობა გაცილებით უსაფრთხო გახდება.

„მოქალაქეებს წლების განმავლობაში არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელიწადში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი“, - ხაზგასმით აღნიშნა ბითაძემ.

მისი თქმით, ავტობუსები საკუთარ ზოლში ივლიან და მათი სიჩქარე პრაქტიკულად, გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ეკოლოგიაზე, აღნიშნა ბითაძემ. ქალაქში ასევე გაჩნდება „ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა. შუქნიშნები ერთმანეთს დაინახავენ და ნაკადებს ავტომატურად გაატარებენ. ასევე, „ჭკვიანი“ შუქნიშნები ავტომობილებს გაატარებენ იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ სატრანსპორტო კვანძზე ნორმაზე მაღალი იქნება.

ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანია ქუჩების დაზიანების გათვალისწინება. მისი თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქაოტურად გადაადგილდება, რომლის გამომწვევი მიზეზია ის, რომ ხაზები არის დუბლირებული.