თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ორი პირის – არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
ფოტოგრაფი ბრეგვაძე შაქარაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც თბილისი–მცხეთის გზაზე ახალგაზრდებზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი მეორე თავდასხმის დროს მოკლეს, ხოლო ბრეგვაძე თავდასხმის ადგილს გაერიდა და მიტოვებულ შენობაში იმალებოდა.
როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატებმა ბექა ნემსიწვერიძემ და ვასილ მამულაშვილმა განაცხადეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოითხოვენ, რომ გამოძიებისთვის ცრუ ჩვენებების მიცემისთვის ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა დაეკისროს.
„ჩვენ შევიტანეთ განცხადება, რომელშიც მოვითხოვთ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებას. ჩვენ ვთვლით, რომ რიგ შემთხვევებში მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მისცა“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ადვოკატების ცნობით, ბრეგვაძის ცრუ ჩვენებები შაქარაშვილის მკვლელობას ეხებოდა. პროკურატურის ვერსიით, შემოვლით გზაზე ექვსმა ადამიანმა თავიდან შაქარაშვილი ალყაში მოაქცია და აიძულა მდინარე არაგვის მხარეს გაქცევა, შემდეგ კი საშინლად სცემა და მდინარეში გადააგდო.
ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ბრეგვაძემ მისცა ჩვენება, რომლის თანახმად, თითქოს მან დაინახა, თუ როგორ სცემდნენ მკვლელობაში ბრალდებულები 10 წუთის განმავლობაში ორ ადამიანს, შემდეგ კი დაინახა, თუ როგორ გარბოდა ორი ადამიანი ხიდზე, შემოვლითი გზის მეორე ბოლოსკენ.
„მისი ყველა ჩვენება ამტკიცებს, რომ ეს ადამიანი გამოძიებას სისტემატურად ცრუ ინფორმაციას აწვდიდა და ბრალდება მის ცრუ ჩვენებებზეა აგებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მისი ჩვენებების შესწავლას“, – განაცხადა ნემსიწვერიძემ.
ადრე ადვოკატებმა იმ ადგილზე, სადაც საბედისწერო ჩხუბი მოხდა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა სრულად აღედგინათ დანაშაულის სურათი – შეეძლოთ თუ არა მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს პროკურატურის მიერ მითითებულ ვადაში მკვლელობის ჩადენა და აღნიშნული ტერიტორიის დატოვება.
ადვოკატების თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, რომელიც თავის ჩვენებებში აცხადებს, რომ არ შეეძლო არაფრის დანახვა და სილუეტების გარჩევაც კი, ცრუობს.
ექსპერიმენტმა ასევე დაადგინა, რომ თუ კონკრეტული პირები მართლა მისდევდნენ შაქარაშვილს ამ მანძილზე, მაშინ დაინახავდნენ, ვინ სად იმალებოდა, მაგრამ ვერ დაინახავდნენ, თუ საით გაიქცა შაქარაშვილი.
19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს სასამართლო სამ ნაწილად იხილავს: მკვლელობამდე ჩხუბის ეპიზოდები არასრულწლოვნების მონაწილეობით, ჩხუბის ეპიზოდები სრულწლოვნების მონაწილეობით და უშუალოდ მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე 17 პირია დაკავებული.
17 პირიდან ხუთ პირს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება – მათგან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, მათ თავიდან სცემეს შაქარაშვილი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც დაიხრჩო. ფეხბურთელის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.