მამას, რომელსაც 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. შვილის სუიციდამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი საკუთარი სახლის ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

შსს: მოზარდზე ძალადობის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მამაკაცი არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა. მამის მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად ბავშვი მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვნის მამა სამართალდამცველებმა იმავე დღეს, 23 აგვისტოს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება ოჯახში ძალადობის (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით წარედგინა.

პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. 

დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია. 

ტრაგედია თერჯოლაში: გარდაცვლილი ბავშვის მამას ბრალი ორი მუხლით წარედგინა>>

მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა.

მომდევნო პროცესი 19 ოქტომბერს გაიმართება.