„ეჰ, ბებო, არ არის ვაჭრობა დღეს?“ ანუ ქართველი ბლოგერის ვიდეოჩანაწერები ესპანეთიდან

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ ახალგაზრდას, ვიდეობლოგერ გიორგი კუჭაშვილს გაგაცნობთ.
Sputnik

გიორგი ქართველი – ასე იცნობენ მას ესპანურ ქალაქ არნედოში და სრულიად ვირტუალურ სივრცეში. უნდა ითქვას, რომ ამ თიკუნს ამართლებს კიდეც. ჩანაწერებში ქართველისთვის საინტერესო და საჭირო თემებს ეხება. კორონამდე ესპანეთის სხვადასხვა საინტერესო ადგილებში მოგზაურობდა და ქართველებს ვიდეო-მეგზურობას უწევდა. სახალისო და შემეცნებით-საინფორმაციო ვიდეოებს ინტერნეტში პანდემიის დროსაც ათავსებდა. ამ მასალის სათაურში ატანილი ფრაზა მისი ერთ-ერთი ჩანაწერიდანაა...

მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ საქართველოში მხოლოდ 12 წელი იცხოვრა, საბედნიეროდ, სხვებისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ქართულ ენაზე, და მისი ოცნება და სამომავლო საქმიანობაც მის ქვეყანასთან არის დაკავშირებული.

„ეჰ, ბებო, არ არის ვაჭრობა დღეს?“ ანუ ქართველი ბლოგერის ვიდეოჩანაწერები ესპანეთიდან

- გიორგი, როდის დაიწყო შენი ცხოვრების ესპანური პერიოდი?

- ესპანეთში 2002 წელს ჩამოვედი. აქ 12 წლის ასაკში ჩამომიყვანა დედამ, რომელიც ორი წელი უკვე ცხოვრობდა არნედოში. ეს ქალაქი ლა რიოჯას (La Rioja) პროვინციას ეკუთვნის. აქ ჩამოსვლის დროს ჩემი პირველი შთაბეჭდილება საკმაოდ უცნაური იყო. წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელმაც არც ერთი ესპანური სიტყვა არ იცის და უცებ ამ „გაუგებრობაში" აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, დავფრთხი და ეს ალბათ, პირველ რიგში, ესპანური ენის არცოდნას უკავშირდებოდა. თავიდან ვერ ავუღე ალღო და გამიჭირდა უცხო ქვეყნის რიტმთან, სკოლასთან და ესპანურად მოლაპარაკე თანატოლებთან შეგუება.

„ეჰ, ბებო, არ არის ვაჭრობა დღეს?“ ანუ ქართველი ბლოგერის ვიდეოჩანაწერები ესპანეთიდან

- ესპანეთში სად განაგრძე სწავლა?

- საქართველოში მეექვსე კლასამდე ვსწავლობდი, შემდეგ აქ შესაბამისი კლასიდან სწავლა Virgen de Vico-ს კოლეჯში განვაგრძე. ესპანური ენაც სკოლაში დავხვეწე. საერთოდ, საუკეთესო გზა ენის სასწავლებლად ხალხთან უშუალო კონტაქტია, ადამიანი უცხო ენას ასე უფრო მარტივად, ჩქარა და გამართულად სწავლობს, ვიდრე წიგნიდან. მეც ბავშვებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობაში ესპანური ნელ-ნელა ავითვისე. კოლეჯის შემდეგ ბევრ ადგილზე მომიწია მუშაობა, ამჟამად დროებით ფეხსაცმლის ერთ-ერთი ფაბრიკის საწყობში, გზავნილებზე ვმუშაობ. ეს ქალაქი სწორედ ხარისხიანი ფეხსაცმლის შექმნითაა ცნობილი, ამიტომ აქ ფეხსაცმლის ინდუსტრია მთელი ძალით მუშაობს.

- როგორც ბლოგერმა, როდის და რატომ დაიწყე ინტერნეტში აქტიურობა?

- ვიდეო-ბლოგერობა ყოველთვის მიზიდავდა. ერთ დღეს გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა საკუთარი არხი და სახალისო ვიდეოები ამეტვირთა. შემდეგ, დროთა განმავლობაში დავაკვირდი, რომ ხალხს ემიგრაციის თემები უფრო აინტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე ვიდეოები სწორედ ამ თემაზე მეკეთებინა და ამ გზით ხალხისთვის მათთვის საჭირო ინფორმაცია მიმეწოდებინა. მინდოდა, რომ გარკვეულ საკითხებში, რაც ბევრმა არ იცოდა, დახმარება აღმომეჩინა. თუმცა, განწყობის შესანარჩუნებლად სახალისო ვიდეოებსაც ისევ ვდებ.

- ვიდეოების უმრავლესობაში, ფაქტობრივად, რეპორტაჟი მიგყავს...

- მოგვიანებით, როცა ხალხს ჩემი გვერდის მიმართ ინტერესი შევატყვე, რეპორტაჟების გადაღება დავიწყე. ჯერჯერობით ძირითადად ესპანეთში მცხოვრები ქართველები და ზოგადად ემიგრანტები უფრო მიყურებენ და მიცნობენ. ესპანეთში ვიღებ ყველაფერს, რაც ქართულია და რამაც შეიძლება ქართველი დააინტერესოს.

- შენ მიერ გადაღებულ რომელ ვიდეოებს გამოყოფდი?

- ვიდეოებს, სადაც გადაღებული მაქვს ესპანეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლა, რეპეტიცია ქართული ცეკვის შემსწავლელ ჯგუფში, როგორ და სად ხდება ადგილობრივად ქართული შოთის პურის გამოცხობა, რა ხდება ესპანეთში არსებულ ქართულ რესტორანში და ა.შ. სამომავლოდ ახალი პროქტი მაქვს მოფიქრებული და, იმედია, განვახორციელებ.

„ეჰ, ბებო, არ არის ვაჭრობა დღეს?“ ანუ ქართველი ბლოგერის ვიდეოჩანაწერები ესპანეთიდან

- ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელ ვიდეოჩანაწერს მოჰყვა?

- ერთ-ერთი პირველი, რასაც სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, იყო ვიდეო, სადაც ვხსნი იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა შეიკავონ ქართველებმა თავი ესპანეთში ჩამოსვლისგან. განვმარტავ იმ ცვლილებებს, რაც ახალ პერიოდში დაწესდა და საფრთხეებს, რაც შეიძლება აქ ჩამოსვლით დაემუქროთ. ეს თემა ბევრს აინტერესებდა, ამიტომ ამ ვიდეოსაც ბევრი გაზიარება და გამოხმაურება მოჰყვა.

- ესპანეთში ქართველების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ...

- დიახ, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ჩვენი ქვეყნიდან ჩამოსული ზოგიერთი ქართველი ესპანეთში ღირსეულად ვერ იქცევა. ეს ზოგადად ჩვენს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, რაც ძალიან მწყინს. იძულებული ვარ ავუხსნა ადგილობრივებს, რომ ასეთები ცოტანი არიან და ქართველებზე მხოლოდ ერთეულების უღირსი საქციელიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელონ.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების უმეტესი დრო ესპანეთში ხარ, მაინც ქართველად გრძნობ თავს...

- ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში გავიზარდე და როგორც პიროვნება აქ ჩამოვყალიბდი, სამშობლო ჩემთვის ძალიან სათუთი და ტკბილია. თუმცა სხვების მსგავსად ჩემთვის ეს თემა მტკივნეული არ არის, რადგან საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვახერხებ. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი და სიტყვა მას უკავშირდება. ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, საქართველოს სიყვარულმა, ქართულმა ენამ და კულტურამ ჩამომაყალიბა ისეთად, როგორიც ვარ.

- სამომავლოდ რაზე ოცნებობ?

- ვოცნებობ რაიმე გზა გამოვნახო საიმისოდ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს დავაკავშირო. მინდა ცხოვრების დიდი მონაკვეთი მანდ გავატარო. კახეთში მაქვს სახლი, რომელიც ტურისტულ ადგილად მინდა ვაქციო, სადაც ესპანელების ჩამოყვანას შევძლებ. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა უცხოელებს საუკეთესო კუთხით დავანახო, გავაცნო ჩვენი უძველესი კულტურა, ისტორია და ტრადიციები. მინდა იცოდნენ, რომ საქართველო ღვინის უძველესი ქვეყანაა და აქ შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ. იცით, ხშირად რაზე ვფიქრობ ხოლმე? – ნამდვილ ქართულ ხასიათს თუ შევუთავსებთ იმ დადებით თვისებებს, რაც ევროპელს გააჩნია, რა კარგ შედეგს მივიღებთ...