თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ ტრაგედიას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ქართველი მწერალი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა.
თერჯოლის რაიონში 23 აგვისტოს 11 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, რომელმაც, წინასწარი ვერსიით, ვერ გაუძლო მამის სისტემატურ ძალადობას და საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. მამა პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.
„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. იმ პატარა ბიჭის უბედურების მიღმა მთავარი ამბავი ის გახლავთ, რომ ჩვენგან დაგმობილი სასტიკი კაცი ვერ არის ერთადერთი. სამწუხაროდ, ვერ არის. ერთადერთი კი არა, ათასთა შორისაა. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ „წამოარტყამენ" ხოლმე პატარებს ან თმებში წვდებიან. „არ უჯერებს" და „რა ქნან?“ ჩვენ ვდუმვართ“, – დაწერა კეკელიძემ თავის Facebook-გვერდზე.
ავტორი კითხვას სვამს, რამდენი ბავშვი „მისულა თოკთან“, მაგრამ ვერ გაბედა, მაგრამ „დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი“.
„ახლამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით – ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს – საბოლოოდ ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს. დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან“, – წერს კეკელიძე.
რაც შეეხება შემზარავ ტრაგედიას, გამოძიებამ აჩვენა, რომ ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა თავის არასრულწლოვან შვილზე.
შსს: მოზარდზე ძალადობის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა>>
გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით. ბავშვის მამას დღეს ზესტაფონის სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
მამა ბრალს არ აღიარებს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს არის ჩანიშნული.