თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 7,3%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 10,6%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,5%-ით.
ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,2%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები ივლისში, 2019 წლის ივლისთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში – 5,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 5,5%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 6,2%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 10,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 33,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 8,9%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 17,6%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 9,7%-ით.
ალუმინისა და მეტალო–პლასტმასის პროდუქცია საქართველოდან: ქუთაისში საწარმო გაიხსნა>>
საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 1,9%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა ასევე 1,9%-ით.
სამომხმარებლო ფასები
ინფლაციის წლიურმა დონემ ივლისში შეადგინა 5,7%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საკვებზე ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა 11,5%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.
2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის განეიტრალება მოეხდინა. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, განაკვეთი 9%-დან 8%-მდე შეამცირა.