თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214-მა პირმა ისარგებლა და PCR–კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია, იუწყება „პირველი არხი“.
საკურორტო სეზონზე აჭარაში კორონავირუსზე PCR–კვლევის უფასოდ ჩატარებისა და ტესტირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს.
სპეციალისტებმა ამისთვის კარავი ბათუმის ძველ ბულვარზე დადგეს, ანალოგიური კარავი ახალ ბულვარსა და ქობულეთის პარკშიც დაიდგა. ამგვარად, 21 აგვისტოდან ბათუმის ბულვარში ორ ლოკაციაზე და ქობულეთის ზღვისპირა პარკში მოსახლეობას კორონავირუსზე უფასო ტესტირება უტარდება.
ასევე აქტიურად მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს. პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.
რეგიონში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.
15 აგვისტოს კორონავირუსი ქობულეთში მდებარე კაფე-ბარ „ჰავანას“ თანამშრომელს დაუდგინდა. აქ სულ ხუთი ინფიცირებულია, აქედან ორი – უშუალოდ კაფეს თანამშრომელი.
ორი კარავი ბათუმში და კორონავირუსზე ტესტირება ნებაყოფლობით: ტრიალებს თუ არა ვირუსი აჭარაში>>
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.