გაცუდებული აუდიენცია მეფე-მზესთან, ანუ რატომ დაგვაღალატა საფრანგეთმა

ქართველები ძალიან ცდილობდნენ, რომ მეფის დესპანის მოგზაურობა არ გახმაურებულიყო, მაგრამ დელეგაცია ევროპაში დიდხანს დაყოვნდა და შაჰის მსტოვრებსაც აღარ გასჭირვებიათ ქართული მისიის „აღმოჩენა“.
Sputnik

XVIII საუკუნის დასაწყისში სპარსეთი დიდ ომებს აწარმოებდა ავღანელ ამბოხებულებთან. ვინაიდან საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა, ქართლის მეფეები, როგორც შაჰის მოხელეები, იძულებული იყვნენ ჯარი გაეყვანათ ავღანელებთან საბრძოლველად. ტრადიციისამებრ, ქართველი მეომრები სპარსული არმიის ავანგარდში იდგნენ. ამ უშეღავათო ბრძოლებს შეეწირნენ ქართლის მეფეები გიორგი XI, ქაიხოსრო და ლევან ბატონიშვილი. სანამ ისინი ავღანეთში ღვრიდნენ სისხლს, მათ ნაცვლად 1703 წლიდან ქართლს განაგებდა ჯანიშინად დანიშნული ვახტანგ მეექვსე.  

თუმცა გურჯისტანის ვალი ქაიხოსრო მალე გარდაიცვალა და ჯანიშინი ვახტანგი 1712 წელს ირანში გაიწვიეს ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად. ქართველთა დელეგაციაში იმყოფებოდა სულხან-საბა ორბელიანიც. ირანის შაჰმა სულთან ჰუსეინმა ვახტანგს ისლამის მიღება მოსთხოვა, რაზე კატეგორიული უარი მიიღო. მაშინ შაჰმა მძევლად დაიტოვა ქართლის ვალი, მის ნაცვლად კი ქართლში მეფედ ვახტანგის გამუსლიმებული ძმა იესე (ალი ყული ხანი) გამოგზავნა, რაც დიდი კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მართალია, ვახტანგი შაჰის მოხელე იყო ქართლში, მაგრამ ის მაინც ახერხებდა ქვეყნის პატრონობასა და ხალხისთვის დამპყრობელთა უღლის შემსუბუქებას, ხოლო სულგაყიდული ალი ყული ხანი შაჰის პოლიტიკის უსიტყვოდ გამტარებელი გახლდათ. 

დიდგორზე მარცხნაჭმი დიდი სარდალი: დავით აღმაშენებლის ღირსეული მოწინააღმდეგე

შექმნილ ვითარებაში ვახტანგის გარემოცვამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ ევროპის მონარქებისა და რომის პაპისთვის მიემართათ დახმარების სათხოვნელად. ჯანიშინმა ეს საპასუხისმგებლო საქმე თავის აღმზდელ სულხან-საბა ორბელიანს მიანდო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქართლის სამეფო კარი დიდ იმედებს ამყარებდა ამ შორეულ ვიზიტზე. და მისიას წარმატება რომ მოჰყოლოდა, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ორბელიანმა კათოლიკური აღმსარებლობაც კი მიიღო.

ევროპაში გამგზავრებაში სულხან-საბას დახმარება ფრანგმა მისიონერმა ჟან რიშარმა გაუწია, რომელიც ქართლში იმყოფებოდა ქრისტიანული რელიგიის მდგომარეობის გასაცნობად. ფრანგი მისიონერი არა მარტო ფინანსურად დაეხმარა ქართველ დესპანს, არამედ თან გაჰყვა დასავლეთ ევროპაში.

გამგზავრებამდე სულხან-საბა ორბელიანი 40 დღე დაყოვნდა დასავლეთ საქართველოში. იქ ის იმერეთის მეფე-მთავრებსაც შეხვდა და დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლსაც ესტუმრა, რომელმაც მოუწონა განაზრახი და თავისი ერთგული დავით ბერიც გააყოლა ევროპაში.

1713 წლის იანვარში სულხან-საბა საფრანგეთს გაემგზავრა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ 1714 წელს იგი მარსელში ჩავიდა და ქალაქის მერს შარლ კუსტანსა და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ’არნუს შეხვდა. ქართველი დესპანი ცდილობდა დაეინტერესებინა ფრანგები საქართველოთი, რათა მათ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებინათ ჩვენს ქვეყანასთან. 

მაგრამ მთავარი მაინც, რა თქმა უნდა, საფრანგეთის მონარქთან შეხვედრა იყო. სულხან-საბა ლუი XIV-სთან მიდიოდა იმ იმედით, რომ საფრანგეთის დიდი მონარქის ჩარევით ვახტანგ მეფეს საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცემოდა. ამისთვის ისინი „მეფე-მზისგან“ ფულსაც ითხოვდნენ, რომელიც ვახტანგის გამოსახსნელად იყო აუცილებელი. „300 ათასი ეკიუ აუცილებელია და საკმარისიო“, ეწერა ქართველი დესპანის შედგენილ პროექტში.

ქართველთა მიერ შემუსრული „დაწყევლილი ქალაქი“, ანუ რატომ ადევს ალეპოს სააკაძის ცოდვა

ვრცელი მემორანდუმი ასევე ითვალისწინებდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო ურთიერთობის დამყარებას, თბილისში საფრანგეთის საკონსულოს გახსნას.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სულხან-საბამ საფრანგეთის სამეფო კარზე მხარდამჭერებიც გაიჩინა და იქვე შეიქმნა პროექტი, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ „საფრანგეთი უნდა დახმარებოდა საქართველოს, თუ სპარსეთი შეეცდებოდა ხელი შეეშალა მისი დამოუკიდებელი განვითარებისთვის“. ბუნებრივია, ვერსალში მომზადებული პროექტი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქართველოთი და ასევე გულისხმობდა საფრანგეთის გაბატონებას სპარსეთის ყურეშიც. საკითხი ეხებოდა მარკატის დაპყრობას, რომელიც კონტროლს უწევდა ირანის ორ ნავსადგურს. საფრანგეთი მისი დაკავებით ირანს სამხრეთიდან ჩაკეტავდა, ხოლო თუ საქართველო საფრანგეთის მოკავშირე იქნებოდა, ამით ირანი ფრანგებსა და ქართველებზე გახდებოდა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში კი, თუ საფრანგეთი კუნძულ ზაკოტორასაც დაეპატრონებოდა, ამ ნავსადგურზე დამოკიდებული ასევე ხდებოდა ოსმალეთიც.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, საქართველოში უნდა შექმნილიყო საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანია, რომელიც ირანში არსებულ ფრანგულ სავაჭრო კომპანიას დაუკავშირდებოდა. ამრიგად შეიქნებოდა სავაჭრო გზა შავი ზღვა–საქართველო–ირანი.

ამასთან პროექტი მოიცავდა დაპირებასაც, რომ საქართველოში ხელი შეეწყობოდა კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას. ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ „მეფე-მზესთან“ აუდიენციისთვის ქართული დელეგაცია საფუძვლიანად იყო მომზადებული.

გაცუდებული აუდიენცია მეფე-მზესთან, ანუ რატომ დაგვაღალატა საფრანგეთმა

ლუი XIV-მ სულხან-საბა ორჯერ მიიღო. მეორე ვიზიტისას ორბელიანი რომის პაპისა და პარიზში პაპის ნუნციუსის სარეკომენდაციო წერილებით იყო აღჭურვილი. რომის პაპი კლიმენტი XI მოუწოდებდა საფრანგეთის უავგუსტოეს ხელმწიფეს, თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს მეფე და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანობით დაბრუნებისთვის. ბუნებრივია, ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ მისგან პასუხს ვერ ეღირსა.

ქართველმა დესპანმა თავისი ახოვნებით, განათლებითა და თავდაჭერილობით დიდად მოხიბლა ლუდოვიკოს სამეფო კარი. ევროპელები მის შესახებ წერდნენ:

„სულხან-საბა 60 წლის არის, მაღალი ტანის, მხნე, ძლიერი აგებულების, ტკბილად მოუბარი, მშვენიერი სახე აქვს და თეთრი წვერი, მოწითალო ფერი. ერთ მტკაველზე მეტი გრძელი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“.

თუმცა, მიუხედავად ქართველი დესპანისადმი გამოხატული სიმპათიებისა, ეს შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. სამწუხაროდ, საფრანგეთის მეფემ გააჯანჯლა გადაწყვეტილების მიღება. ამასობაში კი, 1714 წლის ოქტომბერში პარიზში ირანის შაჰის დესპანი რეზა ბეგი ჩავიდა და ვერსალიც სპარსელთა მხარეს გადაიხარა.

მართალია, ქართველები ძალიან ფრთხილობდნენ, რომ სულხან-საბას ევროპული მოგზაურობა არ გახმაურებულიყო, მაგრამ ევროპაში ძალიან დიდხანს დაყოვნდნენ და შაჰის მსტოვრებსაც აღარ გასჭირვებიათ ქართული მისიის „აღმოჩენა“. მათ გასანეიტრალებლად შაჰმა პარიზში სასწრაფოდ მიავლინა დელეგაცია და სპარსული ძღვენისა და რეზა ბეგის შეთავაზებული სარფიანი წინადადებების წინაშე საფრანგეთის სამეფო კარი „უძლური აღმოჩნდა“.

ამბავი ათაბაგის ლაშქრობისა და დუქნის კარზე ყურით მიჭედებული უსტაბაშისა

ამაოდ დაშვრა სულხან-საბა ორბელიანი. ევროპის მონარქები ევროპა–აზიის გასაყარზე მდებარე ქრისტიანული საქართველოსთვის მხოლოდ მორალური მხარდაჭერით კმაყოფილდებოდნენ, რადგან ირანთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდათ. რომის პაპის მგზნებარე ქადაგებების მიუხედავად, არავის შესწევდა საქართველოს დაცვის ძალა. მათ ამის სურვილიც არ გააჩნდათ. იმ დროს ევროპის დიდი თავის ტკივილი ოსმალეთის იმპერია გახლდათ და მათთვის აუცილებელი იყო ირანის მოკავშირეობა, რათა საერთო ძალით დაესუსტებინათ ოსმალები. ამ ფონზე ირანის შაჰთან ურთიერთობის გაფუჭება ნამდვილად არ შედიოდა ევროპელი მონარქების ინტერესებში. პირიქით, ირანის უპირველესი სავაჭრო და სამხედრო პარტნიორი ევროპაში საფრანგეთი იყო.

1708 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა საფრანგეთ–ირანის ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც საფრანგეთი აქტიურად მოქმედებდა ირანში ინგლისისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ. ამასაც არ დასჯერდნენ და 1715 წლის აგვისტოში ვერსალში ხელი მოაწერეს საფრანგეთ–ირანის მეორე ხელშეკრულებას მეგობრობისა და ვაჭრობის შესახებ. ეს იყო ფრანგების ახალი წარმატება ირანში საკუთარი პოზიციების განმტკიცების საქმეში.

1715 წლის 1 სექტემბერს ლუი XIV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი საერთოდ შეჩერდა. 1716 წელს სულხან-საბა საქართველოში ხელცარიელი დაბრუნდა. ვახტანგ VI-ს კი ევროპიდან დახმარების მიღების ყოველგვარი იმედი გადაეწურა და იძულებული გახდა ტახტის შესანარჩუნებლად ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა.

1723 წელს ახალი უბედურება დაატყდა ქართლს. ქვეყანაში ოსმალები შემოიჭრნენ და ვახტანგი მათთან ბრძოლაში დამარცხდა. ასეთ მძიმე პირობებში ვახტანგ VI-მ კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთ ევროპას დახმარებისთვის: წერილები მისწერა რომის პაპსა და ავსტრიის იმპერატორს, მათ შესთავაზა კავშირი, რათა ამ გზით გადაერჩინა საქართველო. მაგრამ ვახტანგის ეს შეთავაზებაც უპასუხოდ დარჩა.

ამასობაში ოსმალებმა თბილისი დაიკავეს, ხოლო მეფემ მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად რუსეთს შეაფარა თავი...