ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია: გენპროკურატურა ინფორმაციას უარყოფს

ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა სპორტსმენზე მნიშვნელოვანი ტურნირის წინ
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო ― Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უარყო საერთაშორისო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული ორგანიზაცია სპორტსმენის ექს-მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს წარმოადგენს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა? – ჩოგბურთელის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა და ის ასევე დამნაშავედ ცნეს დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში. 

„ჩოგბურთელს 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბე“ ქვეპუნქტით ედება ბრალი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, – განაცხადეს პროკურატურაში.

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მის სათაურში გამოტანილი სიტყვები, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა, ტექსტის შინაარსს არ ემთხვეოდა. მასში საუბარი იყო არა ბრალის დამძიმებაზე, არამედ ბრალის დაზუსტებაზე.

„საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა“, ― ნათქვამი იყო ტექსტში.

სილამაზე და ფუფუნება – როგორ ცხოვრობდა სკანდალამდე ბასილაშვილის მეუღლე

როგორც ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განმარტა, დოროყაშვილის უფლებადამცველების მიერ ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე გავრცელებული „აბსურდული ინფორმაცია მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე“.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული.