თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით ჩასატარებლად საქართველოში მყარი საფუძველია, მაგრამ პარტიებმა საარჩევნო პროცესის სამართლიანობისთვის პარტიული ინტერესები უნდა დათმონ, ასე შეაჯამა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა.
NDI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა. მათ ონლაინ–შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან და პარტიებთან.
„დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის საქართველოში მყარი საფუძველი არსებობს. თუმცა, შემდგომი რეფორმების გარეშე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ“, – განაცხადა მიტჩელმა.
NDI-მ ოთხშაბათს ასევე წარმოადგინა ანგარიში თავისი პირველი დასკვნებით, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე მასმედიის როლსა და დეზინფორმაციას, ქალების მონაწილეობას და კორონავირუსსაც კი.
„გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება. პრობლემურ საკითხებს შორისაა: უყურადღებო ან მიკერძოებული აღსრულება, ადმინისტრაციული რესურსებისა და სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება, პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია, საინფორმაციო გარემოს დაბინძურება“, – ნათქვამია ანგარიშში.
თავიანთი დასკვნების საფუძველზე დამკვირვებლებმა საქართველოს 30 რეკომენდაცია მისცეს, რომელთა შორისაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა.
მაგალითად, დამკვირვებლები პარტიებს ურჩევენ, შეიმუშაონ პოლიტიკური პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეების საჭიროებების გადაჭრაზე და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის პარტიებს შორის თანამშრომლობას ან საზოგადოების ნდობას წინასაარჩევნო პროცესისადმი.
მთავრობის წევრებისთვის რეკომენდებულია – განასხვავონ პარტიული საქმიანობა მთავრობის საქმიანობისგან და არ გამოიყენონ სახელმწიფო რესურსები.
ამას გარდა, დამკვირვებლები პარტიებს მოუწოდებენ, არ აწარმოონ ისეთი კამპანიები, რომლებიც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს ან მათ არჩევნებში მონაწილეობას შეუშლის ხელს.
NDI ასევე მიიჩნევს, რომ პარტიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი მომხრეები არ ჩაერიონ კონკურენტების შეხვედრებში ან დამკვირვებელთა მუშაობაში.
პარტიებს მოუწოდეს მიიღონ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ისინი უარს იტყვიან სიძულვილის ენის გამოყენებაზე, არაეთიკურ კამპანიაზე, დეზინფორმაციაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, მათ დაშინებაზე, ძალადობაზე, და რომ დანერგავენ სანქციებს მსგავს მოქმედებებზე თავიანთი პარტიების წევრებისთვის.
ამავდროულად, NDI-ს რეკომენდაციებით, მასმედიასა და ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მთავრობის ჩარევისა და ხელისუფლების მხრიდან დევნის გარეშე. ამასთან დამკვირვებლები გამოვიდნენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მოწოდებით და მასმედიას მოუწოდეს, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.