ბათუმის ბულვარში კორონავირუსზე უფასოდ ტესტირების მსურველებს ამოწმებენ

საკურორტო სეზონზე აჭარაში კორონავირუსზე PCR-კვლევა უფასოდ ჩატარდება და ტესტირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. ბათუმის ბულვარში კორონავირუსზე ტესტირების მსურველებისთვის ნიმუშების ასაღებად კარავი დადგეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეციალისტებმა პირველი ნიმუშები უკვე აიღეს, პასუხები ანალიზების ჩაბარებიდან 24 საათში იქნება ცნობილი.

საკურორტო სეზონზე აჭარაში კორონავირუსზე PCR-კვლევის უფასოდ ჩატარდება და ტესტირების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება

ბათუმის ძველი ბულვარის პარალელურად, ანალოგიური კარავი  ახალ ბულვარსა და ქობულეთის პარკშიც დაიდგა.

„დღეს ტექნიკურად გაიმართება კარვები და მასში განთავსდებიან ბრიგადები, ხვალიდან კი, ისინი ინტენსიურ საქმიანობას დაიწყებენ. კარვები 17:00-დან 22:00 საათამდე გამოიკვლევენ მსურველებს, თუმცა დროის მონაკვეთი საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
კორონავირუსი საქართველოში და ინფიცირების წყაროები

მისი განცხადებით, ტესტირება უფასო იქნება და კარვების მოქმედების ხანგრძლივობა ტურისტული ნაკადის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისათვის საქართველოში ეპიდემიური კუთხით ოთხი საყურადღებო წერტილი რჩება - მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები, ასევე ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

რაც შეეხება უშუალოდ აჭარას, 15 აგვისტოს კორონავირუსი ქობულეთში მდებარე კაფე-ბარ „ჰავანას“ თანამშრომელს დაუდგინდა. აქ სულ ხუთი ინფიცირებულია, აქედან ორი – უშუალოდ კაფეს თანამშრომელი.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ამ დროისთვის ინფიცირებულია 1370 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 1108 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი. ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 245 ინფიცირებული მკურნალობს.