მსოფლიო დღეს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპის ლიდერებს მიმართავს

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ევროკავშირისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპის ლიდერებს მოუწოდა, არ აღიარონ რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგები. ამის შესახებ მან ინგლისურენოვან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ლუკაშენკო: „წმინდანი არ ვარ“>>

„მოგიწოდებთ, რომ არ აღიაროთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები. ბატონმა ლუკაშენკომ დაკარგა მთელი ლეგიტიმურობა ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს თვალში. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭირეთ ბელარუსის გაღვიძებას. ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, რომ დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები“, – მიმართა მან ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს.

ლუკაშენკო: ბელარუსის ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს

მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც მთელი ბელარუსის ქუჩებში საკუთარი ხმების დასაცავად გამოვიდნენ, სასტიკად სცემა, დააპატიმრა, აწამა რეჟიმმა, რომელიც დაჟინებით ებღაუჭება ძალაუფლებას“.

მან ასევე ისაუბრა ბელარუსის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს დიალოგის გზით წარმართავს და დაუყოვნებლივ გამოაცხადებს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობით.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ამჟამინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,1% მოიპოვა, მეორე ადგილზეა ტიხანოვსკაია 10.12%-ით. ოპოზიციამ არ აღიარა ეს შედეგები, თავად ტიხანოვსკაია კი ლიეტუვაში გაემგზავრა.

ბელარუსის პრეზიდენტობის ექს–კანდიდატმა მომხრეებს მოუწოდა, პროტესტზე უარის თქვან>>

არჩევნების დამთავრებისთანავე მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციები პირველივე დღეებში უსაფრთხოების ძალებმა მკაცრად ჩაახშეს, მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, შუქბგერითი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავდა ასობით ადამიანი, დააკავეს საპროტესტო აქციების 7 ათასამდე მონაწილე, სამი მომიტინგე დაიღუპა.