თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც საქართველოს 31 რაგბის კლუბია გაერთიანებული, ცნობილი მწვრთნელის შეურაცხყოფას უპასუხა.
წერილში 31 კლუბის (სულ საქართველოში 32 კლუბია) წარმომადგენლები თბილისის კლუბ „ლელო - სარასენსის“ ხელმძღვანელს, ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რომელიც სამამულო რაგბის საწყისებთან დგას, ვასილ (ბათუ) კევლიშვილს მიმართავენ. ის ერთადერთია, ვინც არ შეუერთდა ცოტა ხნის წინათ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს და მისი შემქმნელები ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რაგბის სამყარო აღშფოთებულია საჯარო შეურაცხყოფით და უნდობლობით, რომელიც კევლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გამოხატა იმ 31 კლუბის მისამართით, რომელიც დღეს რაგბის გადასარჩენად იბრძვის.
„მიუხედავად მისი ასაკისა და იმ უდიდესი ღვაწლისა, რაც მას რაგბიში გააჩნია, ამ შეურაცხმყოფელმა განცხადებამ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ის, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, გადადგამს ბრძნულ ნაბიჯს და ბოდიშს მოიხდის, რათა წერტილი დაესვას ამ განხეთქილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
კევლიშვილს ოფიციალურად ჯერ არც ბოდიში მოუხდია და არც კოლეგებთან გაერთიანების მზადყოფნა გამოუხატავს.
რით დაიწყო ყველაფერი
პრობლემები საქართველოს რაგბის კავშირში აგვისტოს პირველ რიცხვებში დაიწყო, როდესაც 31 კლუბის შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა კავშირის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა ბოლო ოთხი წლის ფინანსური ანგარიში.
11 აგვისტოს საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება.
„რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზია კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსი, რომელიც 2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა, ხოლო პანდემიამ და რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა“, - აღნიშნავდნენ კავშირის წარმომადგენლები განცხადებაში.
წერილის ავტორთა განცხადებით, ჩემპიონატის ყოველი ერთი დღით გადადებამ სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
„თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები მოკლებული იქნება შესაძლებლობას, ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით“, - აღნიშნავდნენ რაგბის კავშირის წარმომადგენლები განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერდა 31 კლუბი.
კლუბების ხელმძღვანელობა ითხოვდა ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას, რომელიც რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტის არჩევამდე უხელმძღვანელებდა.
გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ რაგბის კავშირს კლუბების 6 მლნ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა. ფინანსური კრიზისი პანდემიამ გაამწვავა.
საბჭოს შექმნის ნაცვლად, თანამდებობიდან გადადგა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რომელიც თანამდებობაზე ოთხ წელზე მეტხანს მსახურობდა. მისი წასვლის მიზეზებს უკავშირებენ საქართველოს ჩემპიონატის განახლების შეუძლებლობას.
სულ რაღაც ათ დღეში კი, 14 აგვისტოს, თანამდებობიდან გადადგა კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გორგასლიძე, რომელიც თანამდებობაზე წლის ბოლომდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა ყოფილიყო. წასვლის მიზეზი უცნობია.
ჩემპიონატი სექტემბერში განახლდება
შექმნილი ვითარების გამო საინიციატივო ჯგუფმა გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის სურვილი. შეხვედრა 16 აგვისტოს შედგა. პრემიერ-მინისტრი მორაგბეებს დაპირდა, რომ კავშირს შეუერთდებოდა დროებითი მენეჯერი, რომელიც სარეკომენდაციო ჯგუფთან ერთად მოამზადებდა ყრილობას დეკემბერში, სადაც კავშირის პრეზიდენტს აირჩევდნენ.
გახარიამ აღნიშნა ასევე, რომ საქართველოს ჩემპიონატი სექტემბერში დაიწყებოდა.
ხმამაღლა პრობლემების შესახებ ქართულ რაგბიში ალაპარაკდნენ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში, როდესაც რამდენჯერმე გადაიდო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები. 30 იანვრის ნაცვლად, არჩევნები 24 თებერვლისთვის გადაიდო, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო მაინც ვერ ჩატარდა. პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ: იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე.
რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა. ხალხის ინტერესს საქართველოს ნაკრების წარმატებებიც აღვივებს. ქართველი რაგბისტები არაერთხელ გამხდარან ევროპის თასთა თასის მფლობელები და ღირსეულად გამოსულან მსოფლიოს ჩემპიონატზე რაგბის მსოფლიო გრანდებთან შეხვედრაზე.