უკვე ერთი თვე: 13 წლის ილია ფილფანის ძებნა გრძელდება

მოზარდის ძებნის არეალი სულ უფრო და უფრო ფართოვდება, თუმცა მის კვალზე გასვლას პოლიცია მაინც ვერ ახერხებს.
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. პოლიცია და მაშველები უკვე ერთი თვეა სვანეთში დაკარგულ ყაზახეთის მოქალაქეს, 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ.

ძებნა არ შეწყვეტილა და კვლავ გრძელდება. ეს ილიას დედამ ქსენია ფილფანმა „Sputnik–საქართველოს“ დაუდასტურა.

ილია სახლიდან ველოსიპედით 18 ივნისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. პოლიციას ბიჭის დაკარგვის თაობაზე 19 ივნისს მიმართეს.

შსს-მ ყველა რეზერვი აამოქმედა – ილია ფილფანს მესამე კვირაა ეძებენ

ამჟამად ილია ფილფანს ეძებენ არა მხოლოდ სვანეთში, არამედ ქალაქებშიც, შავი ზღვის სანაპიროზეც. დედის განცხადებით, პოლიციაში რეგულარულად შედის ინფორმაცია, რომ მსგავსი ბიჭი სადღაც დაინახეს, მაგრამ ის რომ ნამდვილად ილია იყო, არც ერთხელ არ დადასტურდა.

მოზარდის ძებნა ცოტა გაართულა კარანტინმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო დაწესდა.

„ახლა თვითონ, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ მონაწილეობას ძებნაში. თუ ადრე მთელ საქართველოში დავდიოდით, ვაკრავდით განცხადებებს, ვესაუბრებოდით ადამიანებს, ახლა კარანტინში მოვყევით. მხოლოდ სვანეთის ტერიტორიაზე შეგვიძლია გადაადგილება“, – აღნიშნა ქსენია ფილფანმა.

სვანეთში დაკარგული მოზარდის ძებნა კარანტინის გამო არ შეჩერდება>>

ამასთან, კარანტინის შემოღების შემდეგ 40-მდე შემცირდა მაშველების რაოდენობაც. ამას სამძებრო სამუშაოების ხარისხზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, მიიჩნევს ქსენია, რადგან სვანეთის არეალი ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეისწავლეს.

ილიას დაკარგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მოზარდის მშობლები პროკურორთან შეხვედრას ელოდებიან, რათა გამოძიების მსვლელობას გაეცნონ.