მსოფლიო დღეს

ლუკაშენკო: ბელარუსის ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საბჭოში შედიან „ყოფილები“, ნაწყენები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ხელისუფლებაში და ასევე „აშკარა ნაცისტები“
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციამ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რათა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება, უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართულ თათბირზე განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

საგანგებო საკოორდინაციო საბჭო პრეზიდენტობის კანდიდატის,  სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის ინიციატივით შეიქმნა. მასში შედიან ცნობილი პიროვნებები, მათ შორის ლიტერატურაში ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი, მხატვარი ვლადიმირ ცესლერი და უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი. მისი შემადგენლობა ფართოვდება, ვარაუდობენ, რომ სულ მალე მასში ჩართავენ საწარმოებიდან საგაფიცვო კომიტეტების წარმომადგენლებს.

ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ბელარუსის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება

„ახალი ელემენტი წარმოადგენს ხელისუფლების, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების „დამშვიდების“ მცდელობას: „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, დაპირისპირება აღარ გვინდაო“. ეს შირმაა. ოპოზიცია სხვა მხარეს გვაჩვენებს. და ისინი მოითხოვენ არც მეტს და არც ნაკლებს - ძალაუფლების გადაცემას. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაფასებთ ცალსახად - ეს არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აქედან გამომდინარე შედეგებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ მიღებული იქნება „ადეკვატური ზომები“, თუმცა „კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“. მან დაარწმუნა ისინი, რომ არსებობს საკმარისი ზომები „ზოგიერთი ბუნტისთავის დასაშოშმინებლად“.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80,1% მიიღო, მეორე ადგილზე 10,12%-ით სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა. სხვა პრეტენდენტებმა ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვს. მეათე დღეა ქვეყანაში არასანქცირებული საპროტესტო აქციები და გაფიცვები გრძელდება.