თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. უახლოეს პერიოდში რუსთავში შემუშავდება ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო ქალაქია. წლის დასაწყისში კანადურმა საინვესტიციო კომპანია KAMKON-მა განაცხადა, რომ რუსთავის ტერიტორიაზე 400 ჰექტარზე „სამრეწველო ქალაქი“ უნდა ააშენოს. ტერიტორიაზე იქნება სამრეწველო ზონა, ინდუსტრიული ჰაბი, ლოგისტიკური ცენტრი და საკომუნიკაციო კომპლექსი.
„როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ამასთან ერთად უკვე უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან იყო სერიოზულად აღქმული“, - განაცხადა პრემიერმა რუსთავში სიტყვით გამოსვლისას.
გახარიამ აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.
„დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა“, - ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.
გახარია ირწმუნება, რომ ეს იქნება წესების გამკაცრება კერძო კომპანიებისთვის. მისი თქმით, ადრე საწარმოებისთვის უმნიშვნელო ჯარიმების გადახდა უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ყველა წესების და რეგულაციების დაცვა.
„ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, დაწესდება სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა – ბუნებისთვის, ჰაერისთვის, ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი გამოიწვევს პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსთავი - საქართველოს სამრეწველო ცენტრია. ინდუსტრიალიზაციის დროს აქ აშენდა დაახლოებით 90 მსხვილი და საშუალო სამრეწველო საწარმო - მეტალურგიული საწარმოები, ქიმიური ქარხნები.
პანდემიის დროს თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა >>
რუსთავი დღემდე ითვლება საქართველოს ერთ-ერთ საკვანძო სამრეწველო ცენტრად.