თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში მყოფი ახალგაზრდა კაცი მეოთხე სართულიდან გადახტა და დაშავდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 14 აგვისტოს, გამთენიისას ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოხდა. უწყების ცნობით, 27 წლის მამაკაცი არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა და მოულოდნელად სასტუმროს მეოთხე სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.
მამაკაცი საქართველოში 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა, რის შემდეგაც ის, სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.
თემქაზე მამაკაცი მე-7 სართულიდან გადახტა: რა მოხდა ტრაგედიამდე>>
დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.
მომხდარ ინციდენტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.