ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ შევებრძოლოთ ეპიდემიას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია

არჩევნებამდე ორ-ნახევარი თვით ადრე საქართველოში გამოჩნდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური მიზნებით.
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოში დაარსდა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლა.

რა აღელვებს ქართველ ხალხს და ვისი სჯერა არჩევნების წინ - გამოკითხვა>>

ორგანიზაციას ეწოდება „დავასრულოთ“ და ის დააფუძნეს ია მეტრეველმა – სააკაშვილის მმართველობის დროს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი იაკობაშვილმა.

„ჩვენს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“. ეს განაპირობა იმ ყოვლად აუტანელმა სიტუაციამ, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. კერძოდ, ჩამოყალიბდა ქვეყანაში დანაშაულებრივი ტრიადა „ნაციონალური მოძრაობის“, მათი მხარდამჭერი „ენჯეოების“ და გამხმოვანებელი მედიასაშუალებების სახით, რომლებმაც ქვეყანაში ისტერია შექმნეს“, – განაცხადა ბრიფინგზე სოსო მანჯავიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც მისი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და ქვეყანაში მტკივნეულ ატმოსფეროს ქმნიან.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რეიტინგების ლიდერია – კიდევ ერთი გამოკითხვა

„ჩვენი ამონაცაა – ამ ვითარებას წინააღმდეგობა გავუწიოთ და მოვახდინოთ ამ მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაცია. ყველა მეთოდით, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია, შევეცდებით შევცვალოთ და დავასრულოთ ეს მდგომარეობა საქართველოში“, – აღნიშნა მანჯავიძემ.

გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, მათ „თავი შესწირეს იმ ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის" სახით, რომელმაც უფრო დააზიანა ქვეყანა, ვიდრე COVID-19-მა“.

ია მეტრეველმა კი განაცხადა, რომ საქართველს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. მისი თქმით, „ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, უნდა აიკრძალოს ეს კრიმინალი".

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული. სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრისა და ხმების საკმარისი რაოდენობით მიღების შანსი აქვთ როგორც მმართველ „ქართულ ოცნებას“, ისე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.