მასშტაბური რეფორმა – რა სიახლეები შევა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონპროექტში

მინისტრის თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა.
Sputnik

თბილისი, 13 – Sputnik. დღეს ჩვენ დავასრულეთ სრულიად ახალ კანონპროექტზე მუშაობის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჰქვია საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, ეს კანონი 1994 წელს მიღებულ მეწარმეთა შესახებ კანონს ჩაანაცვლებს, რომელიც, მიუხედავად 2008 წელს განხორციელებული ცვლილებებისა, საერთოდ არ პასუხობს თანამედროვეობას, ბიზნეს-წრეების ინტერესებსა და გამჭვირვალობის პრინციპებს, რომელიც თავისუფალი მეწარმეობისთვის აუცილებელია.

რა საჭიროა ანტიდემპინგური კანონი და რა სარგებელს მოუტანს ის ქართულ ბაზარს>>

წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც დავის შემთხვევაში სახელმძღვანელო გახდება როგორც მეწარმეების, ასევე მოსამართლეებისთვის.

საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დამტკიცდა

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ახალი რეგულაცია შემოდის, რომელიც არასავალდებულო ხასიათისაა, ანუ დისპოზიციურია, მაგრამ სახელმძღვანელო იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ასევე მოსამართლეებისთვის – დავის შემთხვევაში. რასაკვირველია, არის იმპერატიული ნორმებიც, მაგრამ ამ კანონით იქმნება სრულიად თავისუფალი, რეგულირებული და განჭვრეტადი ატმოსფერო და ბიზნეს-კლიმატი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტის თითოეული თავი სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო ორგანიზაციებს ეთმობა, იქნება ეს სააქციო საზოგადოება, შპს, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება. ასევე შემოდის სხვადასხვა ევროპული სტანდარტი, მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტების საჯარო რეესტრში წარდგენის მიმართულებით.

თურნავა: პანდემია საქართველოში ინვესტირებას უშლის ხელს

„ესაა მასშტაბური რეფორმა, ესაა ის რეფორმა, რომელსაც არა მხოლოდ დარგობრივი უწყებები, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, არამედ ჩვენი ბიზნესმენებიც მრავალი წელია ელოდნენ და 2013 წელს მათთან ერთად დაწყებული ეს პროცესი დღეს დასრულდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ახალი კანონპროექტი ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

პარლამენტის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში ახალი რეგულაციები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა.