თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. 203 ადამიანი დაიღუპა და 3 000 მდე დაშავდა საქართველოში ბოლო ექვს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ნათქვამია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით. მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ გადაამოწმა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს.
ორგანიზაციის ცნობით, ამჟამად დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.
ექსპერიმენტის ფარგლებში, ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მასზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.
„არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი -ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება.
„კანონის არ აღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია, მაგალითად ქობულეთში, ბორჯომსა და სამტრედიაში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია, რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ“, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყანაში 2017 წლიდან სექციური რადარები და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამუშავდა, რომელთა მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი სამართალდამრღვევებს ავტომატურ რეჟიმში ავლენენ და წერენ ჯარიმას. ეს კამერები ვიდეოანალიტიკური პროგრამების მეშვეობით მუშაობენ, რომლებიც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრშია განთავსებული.