თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ქართული ჯგუფი „მგზავრები" ბათუმში 14 აგვისტოს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ვებგვერდზე tkt.ge.
"მგზავრები" ვინილის ფირფიტებზე და საგაზაფხულო ტური რუსეთსა და ბელარუსში >>
ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა უცხოეთში უამრავი კონცერტი გააუქმა. გადაიდო აპრილის მასშტაბური ტური, რომელიც მუსიკოსებს რუსეთის ქალაქებში უნდა ჩაეტარებინათ.
შესაბამისად, ეს ბიჭების პირველი კონცერტია კარანტინის შემდეგ და ის ბათუმში 23:00 საათზე გაიმართება.
ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.
ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.
„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.