თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ესტონეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რიინა კალიურანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, იუწყებიან საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.
ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს და ესტონეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.
დიპლომატებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. ამ კონტექსტში აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, ისევე, როგორც ძალიან აქტიური სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებებს შორის.
გარდა ამისა, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.
შეხვედრის დასასრულ დავით ზალკალიანმა ესტონეთის ახალ ელჩთან აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა და წარმატება უსურვა საქართველოში დიპლომატიურ მისიაში მის შემდგომ საქმიანობაში.