სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო სივრცეებშია დაბინავებული

ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა, საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე ტრანსპორტია მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ტურიზმის ადმინისტრაციამ სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანა და საკარანტინო სივრცეებში დააბინავა, განაცხადა ბრიფინგზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაცია, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, აქტიურად მუშაობს სვანეთში და ყველა დამსვენებელთან აქვს კონტაქტი, აღნიშნა მან.

პაატა იმნაძე: 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან – ეს ძალიან ბევრია

„სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი და ისინი საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ. საკარანტინო სივრცეები მოეწყო სვანეთშიც, ადგილზე შევაფასეთ არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვისაც არ ჰყავს საკუთარი ავტომანქანა, მათ საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე მობილიზებულია ტრანსპორტი, აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მან სვანეთში მყოფ ყველა ადამიანს „ცხელი ხაზით“ სარგებლობისკენ მოუწოდა.

კორონავირუსი სვანეთში: ტურისტები კარანტინში გადაჰყავთ>>

„ყველა ადამიანს, რომელიც სვანეთში იმყოფება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ისარგებლოს ცხელი ხაზით – „144“... თითოეულ ადამიანთან, რომელმაც დარეკა და განაცხადა, რომ ის იმყოფება სვანეთში, ყველასთან შედგა კომუნიკაცია და დღის ბოლომდე ყველა იქნება გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. პროცესი საკმაოდ რთულად სამართავია, თუმცა წარმატებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 ათასამდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.