საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს – IRI-ს გამოკითხვა

გამოკითხვის თანახმად, პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიების რეიტინგის ლიდერია. ამაზე აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

სამი მილიონერი პარტია და სხვა დანარჩენი: ვის რამდენი შესწირეს >>

კითხვას, „თუ საპარლამენტო არჩევნები უახლოეს კვირას ჩატარდება, ვის მისცემთ ხმას?“ – 33%-მა უპასუხა, რომ მხარს მმართველ პარტიას დაუჭერს, 16% მზადაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აირჩიოს.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პარტიაგამოკითხულთა წილი
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" 5%
„ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი"3%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"3%
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია"2%
„მოქალაქე" ალეკო ელისაშვილი2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი"2%
„ლელო საქართველოსთვის"2%
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა"1%
„გამარჯვებული საქართველო"1%

კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს ან პასუხის გაცემაზე უარი თქვა 28%-მა და მხოლოდ 1%-მა განაცხადა, რომ მათ არც ერთი პარტია არ მოსწონთ.

გამოკითხულებს დაუსვეს ასევე კითხვა, რომელ პარტიას არ დაუჭერდნენ მხარს არასდროს. შედეგები ამგვარი აღმოჩნდა: „ნაცმოძრაობას“ არასდროს არ მისცემს ხმას 29%, „ქართულ ოცნებას“ – 25%, „გირჩს“ – 16%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 12%.

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ: ვის „სწყალობს" მოსახლეობა

მათ შემდეგ ანტირეიტინგში მოდიან „ლეიბორისტული პარტია“, პარტია „სამართლიანობისათვის“ და „ერთიანი საქართველო“, რომელთა სასარგებლოდაც ხმის მიცემას არ აპირებს გამოკითხულთა 9%.

7% არასოდეს დაუჭერს მხარს „ევროპულ საქართველოს“, 6-6% - „კონსერვატიულ პარტიას“, „გამარჯვებულ საქართველოს“ და „ლელოს საქართველოსთვის“. „ახალ საქართველოს“, „თავისუფალ საქართველოს“, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და პარტია „მოქალაქეს“ არასდროს მისცემს ხმას გამოკითხულთა 4%.

29%-მა პასუხის გაცემაზე უარი თქვა ან გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.