თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. „საპატრნიორო ფონდმა“ ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ თავისი აქციების 24,5%-ის გაყიდვა გადაწყვიტა. აუქციონი 9 სექტემბერს დაინიშნა, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
„თელასი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას უზრუნველყოფს. კომპანია ელექტროენერგიას 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. ჰოლდინგს „თელასის“ აქციების 75% ეკუთვნის.
საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10,5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი.
აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შესაბამისად.
ფონდის ცნობით, აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანხმობას.
„საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.
ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების. საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით შემოიფარგლება. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.
საპარტნიორო ფონდი ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველობას, მათ შორის არის საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და „თელასი“.