შსს: მესტიაში ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება

პოლიცია მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველები მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.  

სვანეთის სოფლებში კარანტინი 28 დღე გაგრძელდება>>

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტზე. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

უწყების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებენ. გასული ღამის განმავლობაში სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორებს საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებოდნენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მესტიაში ჩარჩენილ ტურისტებს კარანტინში გადაიყვანენ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.