თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. ახალქალაქში დაკავებულ მამაკაცს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ინციდენტი 8 აგვისტოს, საღამოს, ახალქალაქში მოხდა. ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 27 წლის მამაკაცი მოკლეს. ტრაგედიამ მასობრივი არეულობა გამოიწვია - დაღუპულის თანასოფლელები მკვლელობაში ეჭვმიტანილის ნათესავების სახლებსა და მანქანებს დაერივნენ. ვითარების განსამუხტად საჭირო გახდა სპეცრაზმის გამოყენება. ამ მომენტისთვის ახალქალაქში მშვიდი ვითარებაა.
პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული კვირას, 9 აგვისტოს დააკავეს.
ამავე საქმის ფარგლებში მიმდინარეობს მასობრივი არეულობის ორგანიზების გამოძიება, რაც მოიცავს ძალადობას, დარბევას, სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას იარაღის მეშვეობით.
საგამოძიებო ღონისძიებები ორივე მუხლით გრძელდება.