„ბარამბოს“ ნაყინისა და ლუდი „ნატახტრის“ ავტორი არჩევნებისთვის ემზადება

ბიზნესმენი ძმები ჩოჩელები და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ახალი პარტიიდან „პროგრესი და თავისუფლება“ იყრიან კენჭს.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. პარლამენტის მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ კახა ოქრიაშვილი და ცნობილი ბიზნესმენი ძმები ჩოჩელები არჩევნებზე ერთად მიდიან, იუწყება ტელეარხი Imedi.

ოქრიაშვილი და ცეზარ და იაგო ჩოჩელები შეუერთდნენ ნიკოლოზ გვრიტიშვილის ახალ პარტიას „პროგრესი და თავისუფლება“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ოქრიაშვილი ძირითადად ცნობილია იმით, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ორჯერ წავიდა, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების რაოდენობის შემცირება გააპროტესტა.

რაც შეეხება ცეზარ ჩოჩელს, ის თავისი წარმატებული პროექტებით არის ცნობილი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში პოპულარული ლუდის სახეობები: „ნატახტარი“, „ზედაზენი“, „ლომისი“, ასევე შოკოლადი და ნაყინი „ბარამბო“, ასევე პირველი სარეცხი ფხვნილი „ბერტა“.

ჩოჩელი მაჟორიტარ დეპუტატობას 2016 წელსაც აპირებდა, მაგრამ მაშინ არჩევნები მცხეთაში მმართველი პარტიის კანდიდატთან წააგო.

ამასობაში ცესკო განაგრძობს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გირჩის“ ლიდერი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატობას აპირებს>>

ჯერჯერობით საარჩევნო კომისია არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს განიხილავს. ცესკოში განაცხადი 68 პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიტანა. შაბათის მონაცემებით, რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა 41 პარტიას. 11-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს, 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.