საქართველო აგვისტოში საბერძნეთთან ავიამიმოსვლას აღადგენს

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები მარტის შუა რიცხვებში სრულად ჩაკეტა.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული ფრენები აგვისტოს ბოლოს აღდგება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ.

ადრე საბერძნეთის ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გააუქმა ქართულმა მხარემ ევროპის ქვეყანასთან ავიამიმოსვლის თარიღი. დიპლომატის თქმით, ივლისის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებისგან მან პირადად მიიღო გარანტიები, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელთანაც საქართველო საზღვრებს გახსნიდა. 

მორიგი სპეცრეისი: ამჯერად ათენიდან

„ავიაკომპანია Aegean-თან დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო დეკადაში ათენსა და თბილისს შორის მინიმუმ ერთი ფრენა შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც ჩვენს ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მისაღებია როგორც საბერძნეთისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საბერძნეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც.

„საბერძნეთის საელჩოს პოზიცია ცნობილია, რამდენადაც იგი ამ ქვეყანას წარმოადგენს და, რა თქმა უნდა, მისი სურვილია, რომ ქვეყნებს შორის არსებობდეს ის რეჟიმი, რომელიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით არსებობს... არანაირი პრობლემა არაა, ჩვენთვის მთავარია – ჩვენი და მათი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის პირველი რეგულარული რეისი, საორიენტაციოდ, 21 აგვისტოს შესრულდება.

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები მარტის შუა რიცხვებში სრულად ჩაკეტა.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.