საუკეთესო მსოფლიოში: ქართული „მეამა“ Architizer A+Awards-ის გამარჯვებულია

არქიტექტორ გიორგი ხმალაძის პროექტმა ონლაინ–კენჭისყრის შედეგებით ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა – პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ყავის ქართული კომპანია „მეამას“ შენობამ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards-ის სამ კატეგორიაში გაიმარჯვა და მსოფლიოში საუკეთესო ნაგებობად დასახელდა.

Architizer A+Awards – უდიდესი კონკურსია მსოფლიო არქიტექტურის სფეროში. მისი მიზანია მსოფლიოში წლის საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და გამოჩენილი არქიტექტურული პროექტების პოპულარიზება.

ქართული კომპანიის სათავო ოფისის შენობა ამ საერთაშორისო კონკურსზე იყო წარდგენილი და ფინალში გავიდა. შენობა წარდგენილი იყო სამ ნომინაციაში – საოფისე სივრცე (25 ათას კვადრატულ მეტრზე ნაკლები), ოთხსართულიანი სამუშაო სივრცე და არქიტექტურა და ბეტონი

ქართველი არქიტექტორი პრესტიჟული ArchDaily-ის გრან-პრის მფლობელი გახდა

წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში ხუთ-ხუთი ფინალისტი შეარჩია. კონკურსანტების მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამარჯვებული ონლაინ–კენჭისყრით გამოვლინდა.

"მეამას“ შენობის კონკურენტები ისეთი ცნობილი კომპანიების სამუშაო ადგილები იყო, როგორიცაა Jaguar, TikTok და სხვ.

გამარჯვებული და ასევე ფინალში გასული პროექტები Architizer A+Awards-ის ვებ-გვერდზე განთავსდება. ისინი ასევე წარმოდგენილი იქნებიან ჟურნალში Architizer.com.

თბილისში მდებარე ყავის კომპანიის ოფისის პროექტი ეკუთვნის გიორგი ხმალაძეს კომპანიიდან Khmaladze Architects. პროექტმა მანამდე ახალგაზრდა არქიტექტორების საერთაშორისო კონკურსის ArchDaily&Strelka Award 2019 გრან-პრი მიიღო.

გიორგი ხმალაძის პროექტი მოიცავს ყავის მწარმოებელ ფაბრიკას, ოფისებს, სივრცეებს ყავის დაგემოვნებისთვის და ასევე მცირე გამოფენებისთვის. შენობა წარმოადგენს მონოლითურ ბეტონის ფასადს საოცარი გეომეტრიული ფორმებით. შენობას ორიგინალურ იერს სძენს გაზონები სახურავზე.