როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

ჯერ კიდევ მაშინ, როცა წერა არ იცოდა, ოთხი წლის ასაკში, მის მიერ უცებ წამოსროლილ გარითმულ სტრიქონებს გაოცებული უფროსი და რვეულში ნაჩქარევად იწერდა. ექვსი წლიდან საკუთარ ლექსებს თავად წერდა სასკოლო რვეულში.
Sputnik

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. სწავლის დროიდან იყო „ქალთა გაზეთის" კორესპონდენტი და ტელეკომპანია „პირველი არხის“ სცენარისტი. მოგვიანებით მუშაობა ჟურნალ „მზის სხივში" გააგრძელა.

დღეს პოეტი, ჟურნალისტი, მხატვარ-დეკორატორი, სცენარისტი და პედაგოგი მარი თაბაგარი „ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის" წევრი და პოეტური კონკურსების გამარჯვებული გახლავთ. ეს ლიტერატურული კონკურსებია: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი", წმინდა ილია მართლის სახელობის და რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის" კონკურსი, არის ქრისტიანული პოეზიის კონკურსის „წმინდა ნინოს ჯვარის" პრიზიორი.

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- ქალბატონო მარი, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, თქვენ შემთხვევაში რა დაიწყო?

- დიახ, ყველაფერი მაშინ იწყება... ადამიანის სწორად ჩამოყალიბების პროცესში ბავშვობის წლები ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა თვისება და ჩვეულება ბავშვობაში იღებს სათავეს და უმთავრესი როლი მშობლებს აკისრიათ, პედაგოგები კი თანამონაწილეები არიან. ორივე შემთხვევაში გამიმართლა. ვიზრდებოდი დიდ და თბილ ოჯახში, მოსიყვარულე მშობლების, მზრუნველი მამიდების, უფროსი, ნიჭიერი დებისა და პატარა ძმის გვერდით. ექვსი წლიდან საუკეთესო პედაგოგების მსმენელად ვიქეცი. თუ ჩემში სიკეთისა და წარმატების მარცვალი დევს, თითოეულის დამსახურებაა. უმთავრესია იყო ღირსეული ადამიანი. ბავშვობიდან სწორად ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო და დღეს ვარ პიროვნება, რომელიც არასოდეს შეარცხვენს მშობელს, შვილს, და-ძმას, მეგობრებს, ქვეყანას...

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- თუ გახსოვთ, ყველაზე მეტად რა ახდენდა მაშინ თქვენზე შთაბეჭდილებას და რა გადაგქონდათ ფურცელზე?

- როცა ოთხი წლიდან ჩემდაუნებურად გარითმულ ფრაზებს წარმოვთქვამდი, მათ უფროსი და იწერდა და ინახავდა. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერები დავკარგეთ. ექვსი წლიდან თავად ვწერდი და დღემდე შემონახულ რვეულში ჩემი პირველი ლექსი გაზაფხულს ეძღვნება. ბუნება, სამშობლო, მეგობრები, პოეზია იყო ლექსების ძირითადი თემა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი და ვანიჭებ ვაჟა-ფშაველას ღრმა და ამოუწურავ შემოქმედებას. რამდენიმე ლექსი მისთვისაც მიმიძღვნია. შემდგომში კი ეროვნული მოძრაობის წლებმა წერა ლამის ყველას დააწყებინა. ჩემს შემოქმედებასაც ის პერიოდი პატრიოტული მოტივით ავსებს. ვიყავი და ვარ ზედმეტად ემოციური, ამიტომ ემოციის ფონზე მოსული მუზა ხშირად იდებდა ბინას თეთრ ფურცლებზე.

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- მინდოდა მეკითხა როგორ გააკეთებდით არჩევანს, ვინმეს რომ ეკითხა – პროზა თუ პოეზია–მეთქი, მაგრამ თქვენი ეს დაწერილი წავიკითხე: „მოვიმარჯვებ ფურცლებს და საწერ კალამს. დავფიქრდები, როგორ დავიწყო და უცებ დამაფრინდება თავზე ლექსის მუზა, გასაქანს არ მაძლევს. ნოველას ფეხს დაუბაკუნებს და ისიც დამფრთხალი ბეკეკასავით გარბის სადღაც დასაკარგავში. ფურცელზე კი ლექსი მორაკრაკებს“. ყველაფერი გასაგები გახდა, და მაინც...

- ეს ის შემთხვევაა, როცა „და მაინც" არ არსებობს. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს: შემოქმედისათვის თავისი ნამუშევარი შვილივითაა. პროზა და პოეზია მხოლოდ სქესით განსხვავდება. მშობელი კი სქესს არ არჩევს. თქვენ მიერ წაკითხული ჩანახატი (ამონარიდს ვგულისხმობ) იმ პროცესს აღწერს, როცა მოთხრობის წერისას, ფიქრებში წასულს, ლექსი შემომეწერა, ეს არცთუ იშვიათად მომხდარა.

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- თქვენ „ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციის" წევრი ხართ, ამბობენ, კარგად თარგმნა ლექსის წერაზე რთულიაო, ასეა?

- ნახევრად ხუმრობით ასე ვიტყოდი, რომ კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია! დიდი ხანი არ არის, რაც თარგმნა დავიწყე. ეს კი ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილის დამსახურებაა. ადამიანის, რომლის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მთარგმნელთა ასოციაციის წევრებიც უნიჭიერესი პოეტები და უსაყვარლესი ადამიანები არიან. ბატონი ალექსანდრეს რედაქტორობით გამოიცა „გაზაფხულის პოეტური ალმანახი". ძალიან მალე მზად იქნება თურქული პოეზიის ანთოლოგია (მეორე გამოცემა) და ათაოლ ბეჰრამოღლუს რჩეული ლირიკა. ასოციაციაში მუდამ ფუსფუსი გვაქვს, მუშაობა სხვა გამოცემებზეც დაწყებულია. რაც შეეხება თარგმნას, მარტივი ნამდვილად არ არის. უნდა გაეცნო იმ პოეტის ბიოგრაფიას, შემოქმედებას, ვისაც თარგმნი, რომ რაღაც დონეზე მოახერხო და მისი სულიერი მხარე დაინახო. აუცილებელია ლექსის სტრუქტურა, ლექსთწყობა (ვერსიფიკაცია) არ დაურღვიო და სათქმელიც ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცე. გაითვალისწინო სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა და რითმაც (თუ კონვენციური ლექსია) ლამაზად მოარგო. ძალიან მიყვარს და ყოველთვის სიამოვნებით ვთარგმნი ანა ახმატოვასა და ადა ნეგრის პოეზიას.

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- ჩვენს მკითხველს რომელ თარგმანს შესთავაზებთ?

- ანა ახმატოვას ლექსის „ჩვენ არ დავლიოთ ერთი ჭიქიდან“ ჩემეულ თარგმანს. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ლექსი პოეტმა 1913 წლის შემოდგომაზე დაწერა და მიუძღვნა პოეტსა და მთარგმნელს მიხეილ ლოზინსკის, რომელთანაც ახმატოვა გარდაცვალებამდე მეგობრობდა. უკვე დაავადებული ანა მიხეილის შესახებ მოგონებებსაც წერდა.

ჩვენ არ დავლიოთ ერთი ჭიქიდან,

არც ტკბილი ღვინო, არც წყაროს წყალი,

დილით არ გვქონდეს ამბორის კვალი,

საღამოს - ერთი ხედი ფანჯრიდან.

შენ მზით სუნთქავ და მე მთვარე მათბობს,

ჩვენს მაცოცხლებელ სიყვარულს არ ვთმობთ.

ერთგულ მეგობარს ვიახლებ მუდამ,

შენ მხიარული გხიბლავს ძალიან;

ნაცრისფერ თვალებს შიში რომ უდგას,

ეს სენი მხოლოდ შენი ბრალია.

არ ვხვდებით ხშირად, ასეც გვინდოდა,

ამგვარად სუფევს ჩვენთან მშვიდობა.

მხოლოდ შენი ხმა მღერის ჩემს ლექსში,

ჩემი სუნთქვა აქვს შენს პოეზიას;

არსებობს ცეცხლი, ოჰ, უნაზესი,

ვერ გაანელებ, რადგან შენშია.

როგორ მიყვარს და მიზიდავს ახლა,

მაგ ტუჩებს ვარდის ფერი რომ ახლავს.

ორიგინალში ეს ლექსი ასე ჟღერს:

Не будем пить из одного стакана

Не будем пить из одного стакана

Ни воду мы, ни сладкое вино,

Не поцелуемся мы утром рано,

А ввечеру не поглядим в окно.

Ты дышишь солнцем, я дышу луною,

Но живы мы любовию одною.

Со мной всегда мой верный, нежный друг,

С тобой твоя веселая подруга.

Но мне понятен серых глаз испуг,

И ты виновник моего недуга.

Коротких мы не учащаем встреч.

Так наш покой нам суждено беречь.

Лишь голос твой поет в моих стихах,

В твоих стихах мое дыханье веет.

О, есть костер, которого не смеет

Коснуться ни забвение, ни страх.

И если б знал ты, как сейчас мне любы

Твои сухие, розовые губы!

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- ლიტერატურულ ჯილდოთაგან ყველაზე მოულოდნელი რომელი იყო?

- ყველა ჯილდოს, რაც მიმიღია, თავისი განუმეორებელი ემოცია ახლდა. თუმცა ყველაზე მეტად, რაც ამ დროს მახარებს, უშუალოდ მედალი, სიგელი ან ფულადი ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ ლიტერატორები, კომპეტენტური ადამიანები ნამუშევარს კითხულობენ და შრომას მიფასებენ. ეს იგივეა, შვილს რომ შეგიქებენ - რა დიდებული მშობელი ხარ, რა კარგად აღგიზრდიაო. მზრუნველობა კი უმეტეს შემთხვევაში ნაყოფს იღებს. იშვიათად, თავდაჯერებული არ ვიყო. შესაბამისად, მოულოდნელობის სიხარული არა, მაგრამ ობიექტურობის განცდა მეუფლება.

როცა ლექსის მუზა გასაქანს არ გაძლევს – „კარგი მთარგმნელი ორმაგად პოეტია“

- ერთი პერიოდი სატელევიზიო გადაცემის „ჩემი მშვენიერი ლედი" სცენარისტად მუშაობდით. რომ განვაზოგადოთ ეს ფაქტი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ქალი ლედი გახდეს?

- ამაზე ზოგადი პასუხი მაქვს. უმთავრესია შინაგანი კულტურა, ინტელექტი, დახვეწილი გემოვნება და გულში სიკეთის მარცვალი... პლასტიკურ ქირურგიასაც რომ მიმართო, თუ შიგნით ეს ყველაფერი არ გიდევს, მხოლოდ გარეგნობა ლედის თვისებებს ვერ შეგძენს. „ჩემი მშვენიერი ლედი" იყო ია ფარულავას რეიტინგული და საინტერესო შოუ-პროგრამა. მისი გმირები გადაცემის ბოლოს უფრო მეტად თავდაჯერებული ხდებოდნენ. კეთდებოდა ის, რაც შოუ-პროგრამის ფორმატში იყო შესაძლებელი. ია უნიჭიერესი მსახიობია, რომელსაც ძალიან ლამაზად და მაღალ დონეზე შეუძლია დადგას მაყურებლისთვის საინტერესო შოუ, რადგან მას უბადლო შარმი და შეუდარებელი ალღო აქვს.

- თუ იცით რაშია ბედნიერების საიდუმლო, ბედნიერებაზე რომ ლექსი დაწეროთ, მის პირველ სტრიქონს როგორ დაიწყებდით?

- ამაყი დედა მივაბიჯებ, დროა ასეთი:

სიკეთეს ისევ დაულაშქრავს ციხე ქაჯეთის,

სტუმარი არ ვარ, მეგებება ზღვა აფხაზეთის

და მიხარია საქართველო ტაო-კლარჯეთით!..

- „ცხოვრების გზაზე წაქცევა, წამოდგომა, ტკივილი, წყენა, სიხარული ნაოჭებში სახლდება, მყარად იბუდებს და... ვბერდებით!“ - შემთხვევით ხომ არ იცით, როგორ შეუძლია ადამიანს ღირსეულად და ლამაზად დაბერდეს?

- შეუძლებელია ვინმეს ამის ფორმულა ჰქონდეს. ღირსეულად ღირსეულები ბერდებიან. ღირსებას კი ერთი მიმართულება და ბევრი გზა აქვს. ადამიანი საკუთარი ცხოვრებით ქმნის მას. ყველაფერი გონებიდან მოდის. გონება განსაზღვრავს ადამიანის ნაბიჯებს და კეთილშობილება – ნაბიჯის მიმართულებას. შეუძლებელია მოკვდავმა უშეცდომოდ გაიარო ცხოვრების გზა, თუმცა ღირსეულად გავლა შესაძლებელი კი არა, აუცილებელიცაა. შეიძლება ათი მცნებაც არაერთხელ დაარღვიო, მაგრამ ერთგულება და სიკეთე კელაპტარივით უნდა გიძღოდეს წინ. ნოდარ დუმბაძე შუბლის ძარღვზე რომ გვიყვება, ის ძარღვიც ღირსების ნიშანია...